"ისინი მედიას, არასამთავრობო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, შტატებისა და ევროკავშირის სახსრებით ტბორავენ, რათა შემნან ხელოვნური პოლიტიკური მოძრაობა" - ასე აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი NGO სექტორის ქმედებებს იმ სახელმწიფოებში, სადაც მთავრობები სუვერენიტეტის გასაძლიერებლად იბრძვიან. მაიკ ბენცი ლიზ ტრასთან ინტერვიუში დეტალურად ხსნის, როგორ შეიფუთა გამჭვირვალობა რუსულ კანონად რიგი აქტორების მხრიდან, ხალხზე ზეგავლენის მოხდენის, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დამალვის და მთავრობების შეცვლის მიზნით. ბენცი აქვე აქცენტს აკეთებს ორმაგ სტანდარტზე, როცა ბრიუსელი თბილისსა და ბუდაპეშტს აკრიტიკებდა, თუმცა გამჭვირვალობისთვის ბრძოლა თავადვე დაიწყო.
დონალდ ტრამპთან დაახლოებული ბენცის განაცხადი არ აკვირვებს თბილისს. საქართველოს მთავრობის მეთაური ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა. გამოჩნდა, რომ გამჭვირვალობა სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვის პროცესში აუცილებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი ვინც მმართველ გუნდს აკრიტიკებდნენ, დღეს თავადვე ცდილობენ გარე ჩარევებისგან თავის დასაცავად მექანიზმები გააძლიერონ.
აზრი ორად გაიყო ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის კრიტიკა სწორი და საჭირო იყო. გახარიას გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადება თბილისში არ უნდა შეფასდეს.
ბენცის განცხადება ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შავით თეთრზე გამოიკვეთა ბრიუსელის სტანდარტი - ევროკავშირი მცირე სახელმწიფოებს უკრძალავს თავი დაიცვან, თავად კი გარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის შემდეგ, გამჭვირვალობისა და NGO-ების საკითხზე განცხადება დიდი ბრიტანეთის ყოფილმა მინისტრმაც გააკეთა. ლიზ ტრასის განმარტებით, მსგავს საკითხებზე ღიად საუბარი, მსოფლიოში, ჩრდილოვანი მმართველობის, ანუ "დიფ სთეითის" დასამარცხებლად აუცილებელია.