რა განაპირობებს საქართველოში სამომხმარებლო ფასების სიძვირეს და რამდენად შესაძლებელია პროდუქტების ღირებულების შემცირება - საპარლამენტო კომისია პრობლემის გადასაჭრელად მუშაობას აგრძელებს. უკვე მესამე შეხვედრაა - ადგილობრივი მეწარმეები ყველაზე მთავარ გამოწვევად ქსელური მარკეტების მიერ დაწესებულ პირობებს ასახელებენ.
პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ჰკითხეს - რა კუთხით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო რითეილ სექტორთან არსებული სირთულეების დასარეგულირებლად?
მსხვილი ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული თამაშის წესები არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, რაზეც ადგილობრივმა მეწარმეებმა კომისიის სხდომაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განმარტებით, პროდუქციის ფასზე ნეგატიურ გავლენას უსამართლო გადახდის სისტემაც ახდენს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და საჭიროების შემთხვევაში სხვა ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება - შედეგის მისაღებად, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფასების დარეგულირების კუთხით გრძელვადიანი ეფექტის მქონე გადაწყვეტილების მიღება.
პროდუქტებზე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომაზე დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს მოუსმენენ.