10 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
ბრალდება მტკიცებულებების გარეშე - სახელისუფლებო გუნდისთვის აბსურდულია ელისო კილაძის მიერ მტკიცებით ფორმაში და მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია

სახელისუფლებო გუნდისთვის, აბსურდულია ელისო კილაძის მიერ - მტკიცებით ფორმაში და მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული დაკავების შემდეგ გავრცელებულ წერილში ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მასზე შური იძია, რადგან კილაძემ, მამუკა მდინარაძე ელექტრონულ საფუძველზე 241 ბიტკოინის ფლობაში ამხილა. იზოლატორიდან გავრცელებული, ეს განცხადება სიმართლეს თეორიულადაც, რომ არ შეესაბამება, ამაზე დღეს სახელისუფლებო გუნდის იმ წევრებმა ისაუბრეს, ვინც ბლოკჩეინის, იგივე ბიტკოინების გადარიცხვის სისტემას და მის ფუნქციონირების მექანიზმებს კარგად იცნობენ.

ელისო კილაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე პირველი იერიში გასული წლის 14 ივლისს მიიტანა და სკანდალური ინფორმაციის გავრცელება დაანონსა. მომდევნო დღეს, უკვე 15 ივლისს- კრიპტო ვალუტის ტრანზაქციების საიტიდან აღებული სქრინი გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ ის მამუკა მდინარაძის კრიპტო საფულე იყო, სადაც 241 ბიტკოინი 2024 წლის მაისამდე ინახებოდა. თავად კილაძის მიერ გამოქვეყნებული სქრინით რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დადგინდა- არსად ფიგურირებს მამუკა მდინარაძის სახელი და გვარი. კილაძეს, წესით ისიც არ უნდა დაემალა, რომ მითითებული კოდის ქვეშ არსებული ანგარიში 2015 წელს , საქველმოქმედო მიზნით, წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა. ჩანს ისიც, რომ 58 ათასი დოლარის 200-ზე მეტი ტრანზაქცია, 15 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებული მოვლენებიდან ზუსტად 2 დღეში შესრულდა. ანგარიში კი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაქრა. ამ ფაქტობრივი ინფორმაციას ემატება, კრიპტო ექსპერტების განცხადებაც, რომ შეუძლებელია, მესამე პირმა კრიპტო საფულის მფლობელის ვინაობა, დაადგინოს, რადგან მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია სისტემაში არ იტვირთება.

კრიპტო ექსპერტების განმარტება, ოპოზიციის ნაწილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი შეეტანათ. ნაციონალური მოძრაობა მაინც ირწმუნება, რომ ბრალდებული შერჩევითად დააკავეს. საპირისპიროს ფიქრობენ გახარიას გუნდში და ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, სიცრუის დამტკიცების შემთხვევაში კი , კილაძის ქმედება შესაბამისად შეფასდეს.

სახელისუფლებო გუნდისთვის, ელისო კილაძის ქმედება- სიცრუე, წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი და საფუძველს მოკლებული სპეკულაციაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სამტკიცებელი არაფერი აქვს, განსხვავებით განსასჯელის სკამზე მყოფი ელისო კილაძისგან, რომელმაც საკუთარ უდანაშაულობაში სასამართლო უნდა დაარწმუნოს.

კილაძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს პრემიერ მინისტრი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. მთავრობის მეთაურს ამ თემაზე შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

ელისო კილაძე, რომელსაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან, საცხოვრებელ სახლთან გუშინ დააკავეს.

დღის ამბები