პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა. ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
პასუხად ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა რომ საქართველო დარბაზში ერთადერთი სახელმწიფოა , რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და გავრცელებულს დეზინფორმაციას უწოდებს . მისივე თქმით ოფიციალური თბილისი არ მოითმენს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუსეთთან 2008 წლის შემდეგ არავითარი პოლიტიკური კომუნიკაცია არ ჰქონია საქართელოს.
"თქვენს ზოგიერთ კომენტარს პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ. თქვით, რომ საქართველო ეხვევა რუსეთს. ეს ტერმინი ნიშნავს ვინმესთან მჭიდრო კავშირებისა და ურთიერთობების ქონას. ნება მომეცით შეგახსენოთ თქვენც და აქ მყოფ აუდიტორიასაც, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამ დარბაზში, რომელსაც რუსეთთან ბოლო 18 წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე, 2008 წლის შემდეგ რუსებთან არავითარი ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრა არ გვქონია.
ფაქტობრივად, ჩვენ რუსებს ვხვდებით მხოლოდ ჟენევაში, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მონაწილეობით, რათა განვიხილოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა. ახლახან კი რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მოვიგეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, უკრაინის სახელით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ ომის დანაშაულების გამო. ასე რომ, ვფიქრობ, ელემენტარული ლოგიკაა: ქვეყნები, რომლებიც სხვას „ეხვევიან“, მათ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებს არ აწარმოებენ და არც ურთიერთობების გაწყვეტას ინარჩუნებენ. ამიტომ, ჩვენ ვერ მოვითმენთ რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საფუძველ მოკლებულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მაშინაც კი, როდესაც ეს ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შემდეგ რუსული ოკუპაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ვართ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოლიტიკაში რუსეთის მიმართ. და ბოლო პუნქტი — თქვენ ასევე ახსენეთ კორუფცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის ბოლო ანგარიშით, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო უსწრებს ეუთოს რეგიონის დაახლოებით 30 ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, კორუფციაზე საუბრისას საქართველოს ცალკე გამოყოფა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უსამართლოა,"- აცხადებს სამხარაძე.