10 აგვისტო 2026,   11:33
ვრცლად
"ერთი უბედურებაა, რაც დაემართათ კვარაცხელიებს და მეორე არის, რომ ასეთი ბრალდება წაუყენო ადამიანს, რომელიც არ არის დამნაშავე" - ნინო ქადაგიძე

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნინო ქადაგიძე ეხმაურება. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რის გამოც ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა. 

ბესარიონ ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის.

"ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ბუსამ არ იცოდა ეს ამბავი. ერთი უბედურებაა, რაც დაემართათ კვარაცხელიებს და მეორე არის, რომ ასეთი ბრალდება წაუყენო ადამიანს, რომელიც არ არის დამნაშავე. არაფერი არ ვიცი ჯერ, იმიტომ, რომ არც საქმის მასალები გვაქვს და არაფერი. კაკულიებთან რომ გვქონდა ურთიერთობა, ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, ჩვენებებშიც აქვს მას ნათქვამი ეს და იმის იქით რა ხდება, ვერაფერს ვერ გეტყვით", - ამბობს ნინო ქადაგიძე.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე პროკურატურა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. გამოძიების ინფორმაციით, კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა. 2021 წლის 15 სექტემბერს, ალეკო ჭელიძემ იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას, რომელიც იმავე დღეს დაიღუპა. ბესარიონ ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდება, ძმებ კაკულიებს კი, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდიან სასჯელს, ახალი ბრალდება წარედგინებათ.

 

 

 

 

დღის ამბები