აღიარება, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ პროტესტი ამერიკის ორგანიზებული იყო - სკანდალური განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გააკეთა. მაიკ ბენცმა 2024 წლის მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას იყენებდნენ, სინამდვილეში ამერიკიდან ფინანსდებოდნენ.
"ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძები არიან. ისინი არიან USAID-ის, NED-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე", - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ, ბენცის ამ აღიარებით, ფაქტობრივად, იდენტიფიცირებულია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღეებზე პასუხისმგებელი მხარე და პროცესების მთავარი ორგანიზატორი. მათივე თქმით, ის, რაზეც მმართველი გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდა, ახლა უკვე ვაშინგტონიდან დასტურდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდა სწორედ იმ ფონდებს, რომელზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, მათ შორის USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები, პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოში რევოლუციების დაფინანსებაში და ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლას უწყობდნენ ხელს. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და აგრძელებს ბრძოლას, ეს არის ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან. სწორედ ამიტომ, უცხოური გავლენების და ჩარევების წინააღმდეგ უნდა არსებობდეს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო სათანადო ძალები, იმისათვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს უცხოურ ჩარევებს“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.