"კურიერი P.S."-მა საზღვაო კონტროლის ერთი დღე გადაიღო.
ზღვის მცველები სულ რამდენიმე დღეა ხმელთაშუა ზღვიდან ნატოს მორიგი სერტიფიკატებით დაბრუნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი - ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოება აბარია. მათთვის თურქეთში, ნატოს ეგიდით, ოპერაცია "ზღვის მცველის" კიდევ ერთი წვრთნა ჩატარდა.
ტერორიზმისგან თავდაცვა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლა და უსაფრთხოება - ეს ოპერაციის მთავარი ამოცანაა. "ზღვის მცველი" ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალი ხმელთაშუა ზღვაა.
საქართველო კი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის იმ სამეულშია, რომელსაც წვრთნაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.
აბორდაჟის ჯგუფი თითქმის მთელ დროს ზღვაში ატარებს. ეს მათი რეალობაა. ასე იყო ნატოს ოპერაციაში, წვრთნების დროსაც. ხმელეთისგან შორს, ხმელთაშუა ზღვაში, 20 დღე იცხოვრეს.
ახალი გამოცდილებით და ახალი შემართებით - ნატოს "ზღვის მცველები" საკუთარ ცოდნას ახლა ახალ თაობას უზიარებენ.
ჩვენი კამერა მეზღვაურად ნათლობასაც შეესწრო - სანაპირო დაცვის ახალი თანამშრომელი, 23 წლის ლევანი, ტრადიციას აზიარეს.