ბავარიის დედაქალაქშია საქართველოს პირველი დიპლომატი - მაკა ბოჭორიშვილმა ყველაზე მნიშვნელოვან, უსაფრთხოების ფორუმზე ქვეყნის სათქმელი ჯერ საერთაშორისო ტრიბუნიდან, შემდეგ კი უკვე მაღალი დონის შეხვედრებზე თქვა. რა როლი აქვს საქართველოს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და როგორ ცვლის თამაშის წესებს შუა დერეფნის პროექტი, რომლის სტრატეგიული ცენტიც საქართველოა? - მსოფლიო წესრიგის ახალ წესებს, ჩვენი ქვეყანა, მშვიდობის პოლიტიკით ხვდება და საკუთარ გამოცდილებას ევროპელ, აზიელ და ამერიკელ ლიდერებს აცნობს.
ეუთოს პირველი პირები და კოლეგა მინისტრები - პირისპირ შეხვედრებზე აქცენტი რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე კეთდება და ამ კონტექსტში საქართველოზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ნაწილზე.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ამ კონფერენციაში, ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა გამოიკვეთა საქართველოს, როგორც ხიდის როლი. გარდა ამისა, მინისტრს ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეუთოს თავმჯდომარესთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერ მოწვევა და შემდეგ, მისი ძალიან წარმატებული მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და შეხვედრაზე იყო საქართველოს განსაკუთრებული როლის კიდევ ერთხელ აღიარება,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია.