შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელისუფლებას მორიგ ჯერზე აკრიტიკებს, ქართველ ხალხს კი მეგობრობას უცხადებს. მეგობრობა სიტყვებით არ იზომება - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, სწორედ მსგავსი მოწოდებების შედეგად იქცა ძალადობა ნორმად ხელისუფლების ოპონენტებისთვის. სპიკერის თქმით, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა შვედეთის ხელისუფლება, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ერიკ ოტოსანის ამ განცხადებას გამოხმაურებოდა.
შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსთაველზე, ოპოზიციის გვერდითაც იდგა. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ზოგიერთმა ოპონენტმა დღეს ერიკ ოტოსანის მოწოდებები ვერ გაიხსენა, უკრაინულ მაიდანთან პარალელი კი, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ახსნა.
რევოლუციური სურვილები მეგობრობის სახელით - მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მეგობრობა პირველ რიგში სუვერენიტეტის პატივისცემით დასტურდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი ძალადობისკენ მოწოდებას ვერ გმობს, რადგან მას თავადვე ახალისებს.
მაიდნისკენ მოწოდების გარდა, მმართველი პარტიისთვის არამეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შვედეთის მმართველი კოალიციის პარტიამ ქართველ დემონსტრანტებს ე.წ. თავისუფლების ჯილდოები გადასცა.