კირ სტარმერს პოლიტიკური კარიერის დასასრული ოპონენტებმა უკვე უწინასწარმეტყველეს. მიზეზი ჯეფრი ეფშტეინის საქმეა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა დიდ პოლიტიკურ სკანდალში გახვია. 3 მილიონი ფაილი, 2 000 ვიდეო და ათიათასობით ფოტო - გასაჯაროებული მასალის შემდეგ, თანამდებობა ინგლისის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა დატოვა. მორგან მაგსვინმა 1 წლის წინ აშშ-ს ელჩად ლორდი მანდელდონი წარადგინა, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ეფშტეინთან დაახლოებული პირი იყო და მის ფაილებშიც იძებნება. გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატს ინგლისიდან შტატებში საიდუმლო ინფორმაცია გაჰქონდა.
სტარმერის ადმინისტრაციის უფროსის შემდეგ, თანამდებობა კომუნიკაციების ხელმძღვანელმაც დატოვა. იქნება თუ არა შემდეგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი? - კირ სტარმერი გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი ოპონენტები ამბობენ, რომ პოლიტიკური ცვლილებები დიდი ბრიტანეთში გარდაუვალია.
ფაილები საჯაროა, ინგლისის პოლიტიკური ელიტის რეალური სახე კი გამოაშკარავებული - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახლა ეფშტეინის სკანდალმა ის ადამიანები ამხილა, რომლებიც ხშირად საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებით გამოირჩეოდნენ, უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად მიღებულ კანონებს და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ.
სხვა ქვეყნების ხელისუფლების დაცვა და საკუთარის კრიტიკა - ქართულმა ოპოზიციამ ეს ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოფიციალური ლონდონი საქართველოს შიდა საქმეებში არასდროს ერევა.
ეფშტეინის ფაილების გასაჯაროება რომ კიდევ ბევრი მაღალჩინოსნის პოლიტიკურ წარსულს ახდის ფარდას, ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" ლიდერები ოფიციალურ ლონდონს, სხვა ქვეყნებზე თავდასხმის ნაცვლად, ჯერ ინგლისში არსებული პრობლემების მოგვარებას ურჩევენ.
ორმაგი სტანდარტის, უსამართლო მიდგომებისა და უსაფუძვლო ბრალდებების მიუხედავად, საქართველო არც ერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევა - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა დიდ ბრიტანეთზე საუბრის დროს განაცხადა.
სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული ჯეფრი ეფშტეინის ფაილები ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა. გავრცელებულ დოკუმენტებში მსოფლიო ლიდერების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი დევს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის შესახებაც.
ავტორი: ნანა გოგატაძე.