10 აგვისტო 2026,   11:33
ვრცლად
"არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ არავის დაუგმია ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ხდებოდა წახალისება, რაც ძალიან მძიმეა" - კახა კალაძე

"არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ არ გამოსულა და არავის არ დაუგმია აღნიშნული ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ხდებოდა წახალისება, რაც ძალიან მძიმეა", - ამის შესახებ თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე საუბრობს.

კახა კალაძე ეხმაურება ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მედიის პრიზი "პუბლიკას" იმ მასალისთვის გადასცა, რომელშიც მედიაორგანიზაცია სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს "სინდისის პატიმრებად" მოიხსენიებს. მათ შორის არიან პოლიციელზე თავდასხმისა და აფეთქების მომზადების საქმეზე გასამართლებული, ასევე ნარკო დანაშაულისთვის დაკავებული პირები.

კახა კალაძე ამბობს, რომ  საქართველოში ახალისებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც ძალიან მძიმეა. 

"ზოგიერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ძალიან მძიმეა. არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ არავინ არ გამოსულა და არავის არ დაუგმია აღნიშნული ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ხდებოდა წახალისება, რაც ძალიან მძიმეა და წარმოუდგენელია უბრალოდ, როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო. ვნახეთ, სხვადასხვა ქვეყნებში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, პოლიცია როგორ ეპყრობა მოძალადეებს. მათ ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემათ. მაგრამ, საქართველოში იყო სხვა დამოკიდებულება, საქართველოში პირიქით, ახალისებდნენ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც ძალიან მძიმეა," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები