11 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
ქვეყნის საგარეო კურსი და ევროინტეგრაციის თანხვედრა საქართველოს სუვერენულ ინტერესებთან - "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლები საკითხზე დებატებს ითხოვენ

ევროსტრუქტურებში არსებულ კრიზისზე და საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ "ხალხის ძალაში". საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ მათ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ჯერ კიდევ 2022 წლიდან ამახვილებენ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც ევრობიუროკრატიაშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერების თქმით, წლებია საუბრობენ, რომ ნებისმიერ გაერთიანებაში საქართველოს ინტეგრაცია მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

მართებულია თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ევროკავშირისკენ სვლა - ამ კითხვებზე საჯარო დისკუსიის ინიციატორი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოა". პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ილუზიაა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. პრობლემას ვერც დისკუსიაში ხედავენ და აინტერესებთ, რა არგუმენტები ექნებათ "ნეიტრალური საქართველოს" წევრებს საჯარო განხილვის დროს.

ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, რომ ევროპულ გაერთიანებას და ზოგადად ევროსტრუქტურებს ხარვეზები აქვთ, თუმცა ეს არ უნდა გახდეს საქართველოს პოზიციის ცვლილების მიზეზი, რადგან მოსახლეობის ინტერესების დაცვა სწორედ ევროკავშირს შეუძლია.

"ქართული ოცნება" არც ერთ თემაზე საუბარს არ გაურბის - ასეთია სახელისუფლებო პარტიის ლიდერების პოზიცია. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, კარგად ესმით, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ევროინტეგრაცია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპით იმოქმედოს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, მნიშვნელოვანია საქართველოსთან დაკავშირებით არ იყოს მიკერძოებული მიდგომა და გადაწყვეტილებები პოლიტიკური ინტერესის ნაცვლად სამართლიანობის პრინციპით მიიღებოდეს.

დღის ამბები