11 აგვისტო 2026,   05:22
ვრცლად
უცხოური გავლენა და უცხოური ჩარევა - ევროსაბჭო საქართველოს წერილით მიმართავს და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს

სტრასბურგი თბილისს ისევ უცხოური გავლენის კანონზე ესაუბრება, თუმცა ამჯერად კრიტიკის ნაცვლად გამოცდილების გაზიარებას სთხოვს. საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების ინიციატივით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გამოვიდა. მინისტრთა საბჭომ მუშაობა უკვე დაიწყო. ექსპერტთა კომიტეტმა უცხოურ ჩარევასა და საინფორმაციო მანიპულაციაზე წინასწარი ანგარიშიც მოამზადა.

გარე ჩარევის პირდაპირი და ირიბი მეთოდები, მათ შორის შუამავლების მეშვეობით, კოორდინირებული მიდგომები, დეზინფორმაცია აღქმებზე გავლენის მოსახდენად, უცხოური მანიპულაციის სტრატეგიული ამოცანები - საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, არჩევნებში ჩარევა. დოკუმენტი ყველა იმ საფრთხეს განმარტავს, რასაც უცხოური სახელმწიფო აქტორები დემოკრატიულ სისტემებს უქმნიან. ექსპერტების წინასწარი კვლევით, უცხოური ჩარევა მიჩნეულია ფენომენად, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საზოგადოებრივ ნდობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას.

ანგარიშში, სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან ერთად, განხილულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს მაშინ, როდესაც უცხოურ ჩარევას პრევენციული და სხვა მარეგულირებელი ნორმები ეფექტურად ვერ უპირისპირდება, მათ შორის, საუბარია სიძულვილის ენის წაქეზებაზე და ქმედებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჯაშუშურ საქმიანობასთან უცხოური აქტორის სასარგებლოდ.

საქართველო ევროპის საბჭოს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ქვეყანამ სწორედ უცხოური ჩარევის პრაქტიკული მაგალითების გამო მიიღო კანონები, რაც იმავე ევროპის საბჭოდან არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი. სპიკერი ამბობს, რომ გენერალური მდივნის ინიციატივა ადასტურებს, რამდენად მასშტაბურია დღეს პრობლემა და რამდენად აქტუალურია მისი გადაჭრის გზების ძიება. ევროპის საბჭოს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთვის, მოსაზრებები გაიგზავნა როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან.

ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ იმის აღიარება, რაც ფაქტობრივად თავად ევროპის საბჭომაც დაადასტურა - რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ რეგულაციების მიღებას თავის დროზე ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა. მაშინ რა საფუძველი ჰქონდა კრიტიკას? ოპოზიციაში ისევ იმეორებენ, რომ ქართული კანონმდებლობის მიზანი განსხვავდება საერთაშორისო ანალოგიებისგან. ინსტიტუციურ ვალდებულებას უწოდებენ ფაქტს, რომ ევროპის საბჭომ საქართველოსგან მოსაზრებები ითხოვა.

მმართველი პარტიისთვის, გენერალური მდივნის ინიციატივა დაგვიანებული აღიარებაა. იხსენებენ წლების წინ განვითარებულ მოვლენებს, იმ საინფორმაციო შეტევას, რაც თავის დროზე გამჭვირვალობის კანონის ინიციირებას მოჰყვა და რაც გრანტების კანონზე ამ დრომდე გრძელდება. უმრავლესობის თქმით, ორმაგი სტანდარტის ფონზე ყველა კარგად ხვდება, რომ სისტემური პრობლემისგან დაცვა თავადაც სჭირდებათ.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტი, წევრი ქვეყნების მოსაზრებების გაცნობის შემდეგ უცხოურ ჩარევასა და საინფორმაციო მანიპულაციაზე საბოლოო ანგარიშს მოამზადებს. საკითხის განხილვა და შემდგომ ნაბიჯებზე შეჯერება კი მაისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალზე იგეგმება.

დღის ამბები