02 აგვისტო 2026,   12:01
ვრცლად
პროკურატურამ შპს "სფერო ჰოლდინგი"/"სფერო ინვესტი"-ს წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ იურიდიული პირის (შპს "სფერო ჰოლდინგი"/"სფერო ინვესტი") წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

განცხადებაშიო ნათქვამია, რომ გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე "სფერო ინვესტის" სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის", აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს. აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი. ფიზიკური პირებისგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ შპს "სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - "სფერო ინვესტი". ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე "სფერო ინვესტის" სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს "უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის", აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს "სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც "სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, "სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. "კაპიტალდაბანდების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეები "სფერო ინვესტის" ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სრულად დაებრუნებინა შეტანილი თანხები, რაც არ განხორციელდა.

გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით ოთხასორმოცდაათ მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები როგორც სარგებლის გადახდის, ისე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრა მილიონ ლარზე მეტს (29 073 000 ლარი) მოტყუებით დაეუფლნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები