11 აგვისტო 2026,   07:42
ვრცლად
რაც ხდება გრანტებთან დაკავშირებით, ის პათოსი და მიზანია, რაც უნდა ჰქონდეს ყველა ეროვნულ სახელმწიფოს, ხელისუფლებას და გნებავთ ოპოზიციას, რომ შენს ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ - გურამ მაჭარაშვილი

უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიციირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. ცვლილებებს, რომელიც ერთდროულად 7 კანონში შევა, ხვალ იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

საკითხს პირველი მოსმენით კენჭს სავარაუდოდ მომდევნო კვირასვე უყრიან. სიახლის თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. შეზღუდვები წესდება პარტიის წევრობაზეც.

8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება იმ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება. კანონით დგინდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნებაც, რომლის საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. ასეთ სუბიექტს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დაჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. იურიდიული სამეწარმეო საქმიანობის საკითხს კი ადმინისტრაციული კოდექსი დაარეგულირებს.

კანონის გამკაცრების მიზანი, უმრავლესობით თქმით, იმ ე.წ. შავი ხვრელების ამოვსებაა, რომელიც, საქართველოში უცხოური ფულის შემოსატანად და რევოლუციური პროცესის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

"რაც ხდება გრანტებთან დაკავშირებით, ვიმეორებ, ეს ჩვენი პათოსი იყო და ეს ის პათოსი და ის მიზანია, რაც ყველა ეროვნულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და ეროვნულ მთავრობას, ხელისუფლებას და გნებავთ ოპოზიციას, მთელ ქვეყანას, რომ შენს ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ, რომ არავინ იცოდეს სად ტრიალებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ მსოფლიოში რა ხდება, ყველა დიდი სახელმწიფო თავისკენ იქაჩება პირდაპირი გაგებით და პატარა სახელმწიფოები ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ბუნებრივად არის ეს, რომ გარე ძალებს ყოველთვის აქვთ ასეთი ცდუნება, რომ შენს ქვეყანაში, პოლიტიკაში ხელები აფათურონ. ეს ბუნებრივი მოცემულობაა და შენ უნდა შეეწინააღმდეგო. როგორ შეეწინააღმდეგები თუ ეს კანონმდებლობა არ შეიმუშავე, რომ ყველას ჰქონდეს ვალდებულება, უცხოეთიდან რა თანხებიც შემოდის - პირდაპირ თუ არა პირდაპირ, პოლიტიკაში არ მოხვდეს. ამაზეა აქ ხაზგასასმელი და სასაუბრო, პოლიტიკაში არ უნდა მოხვდეს შავი ფული ქვეყნის და არც ნებისმიერი ფული, უნდა იყოს ლეგალურად ეს ყველაფერი, კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უკვე შევძლებთ სუვერენიტეტის კარგად დაცვას", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები