11 აგვისტო 2026,   02:53
ვრცლად
27 თებერვალს, დოკუმენტური ფილმის Man on the Run-ის მსოფლიო პრემიერა შედგება, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა მორგან ნევილმა გადაიღო

"ბიტლზი მთელი ჩემი ცხოვრება იყო", - ამბობს პოლ მაკარტნი. "როცა დავიშალეთ, მეგონა, რომ აღარასდროს დავწერდი მუსიკას".

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯგუფის დაშლის შემდეგ, ლეგენდარულ მუსიკოსს წინ გაურკვეველი მომავალი ელოდა. დეპრესია, შიში და დაკარგული იდენტობა - სწორედ ამ გარდამტეხი მომენტიდან იწყება დოკუმენტური ფილმი "Man on the run", რომელიც მოგვითხრობს, რა გზა გაიარა პოლ მაკარტნიმ Beatles-ის დაშლიდან Wings-ის შექმნამდე.

1970 წლის აპრილში მაკარტნიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლივერპულელ ოთხეულად წოდებული ჯგუფი იშლებოდა. მიზეზი

წლების განმავლობაში დაგროვილი უთანხმოება, პირადი კონფლიქტები და განსხვავებული ხედვები აღმოჩნდა. არსებობს ვერსია, რომ მათ შორის დაძაბულობა ლენონის ცოლმა, იოკო ონომაც გააღრმავა, რომელიც ბიტლზის რეპეტიციებსა და სტუდიურ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. დღემდე თაყვანისმცემლების ნაწილი მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ბენდის
დაშლაში მაკკარტნის ადანაშაულებს, თავად მაკარტნი კი - ლენონს.

ბევრს ეგონა, რომ პოლ მაკარტნი სოლო კარიერას დაიწყებდა. სინამდვილეში მან სწრაფად შექმნა ახალი ბენდი და მსოფლიოს გარშემო ტურნე დაიწყო.

ასე დაარსდა 1971 წელს Wings, რომელიც ფენომენალური წარმატების მქონე როკბენდად ჩამოყალიბდა. მის ანგარიშზეა ჰიტები - Band on the Run, My Love, Jet და Live and Let Die.

ჯგუფის შემადგენლობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა შემოქმედებითი ჟინი და კომერციული წარმატება არა. 10 წლის შემდეგ, უინიც დაიშალა. თუმცა პოლ მაკარტნისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან შექმნა მეორე დიდი კარიერა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ მუსიკოსად.

ოსკაროსანი რეჟისორის მორგან ნევილის დოკუმენტური ფილმი მაყურებელს სწორედ ამ გზაზე ატარებს. Man on the Run - ი წლების განმავლობაში დაგროვილ საარქივო მასალასა და პირად ინტერვიუებს ეფუძნება. სიღრმისეულად იკვლევს, როგორ გაუმკლავდა მუსიკოსი ემოციურ, შემოქმედებით და პირად გამოწვევებს, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის ჩრდილში ახალი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყება მოუწია.

ფილმი აჩვენებს ჯგუფის განვითარებას - ასახავს პერიოდს, როდესაც Live and Let Die დაიწერა. ერთ - ერთი მთავარი ხაზი კი, პოლისა და ლინდას სიყვარულის ისტორიაა.

83 წლის მაკკარტნი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიერ აღწერილია, როგორც „ყველა დროის ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი და მუსიკოსი“, რომელსაც „გრემის“ 18 პრემია აქვს მიღებული. ის ორჯერ მოხვდა როკ’ენ’როლის დიდების დარბაზში ჯერ Beatles-ის შემადგენლობაში, მერე კი, სოლო შემსრულებლის სტატუსით.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 27 თებერვალს გაიმართება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები