მინეაპოლისის გარეუბანი, მაპლ გროუ - დემონსტრანტები ღამით სასტუმრო Springhill Suites შეიკრიბნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, შტატების სასაზღვრო პატრულის მეთაური, გრეგორი ბოვინო იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეებმა ხმაურის შესაქმნელად ადგილზე სასტვენები, თუჯის ქვაბები, დასარტყამი ინსტრუმენტები და ტრომბონი მიიტანეს, პერიმეტრზე მალევე გამოჩნდნენ ძალოვნები, შეკრება უკანონოდ გამოაცხადეს და მოქალაქეების დაკავება დაიწყეს.
სწორედ პროტესტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის საკვანძო ძალოვანი მაღალჩინოსნის, გრეგორი ბოვინოს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოფიცრების შტატიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
თეთრი სახლი გრეგორ ბოვინოს ნაცვლად მინესოტაში "საზღვრის მეფეს" - ტომ ჰომანს აგზავნის. The Wall Street Journal წერს, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რეიდებისას პრიორიტეტს იმ იმიგრანტების დაკავებას მიანიჭებს, ვისაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს.
საკადრო გადაწყვეტილებების მიუხედავად, მინესოტაში პროტესტი არ წყდება, მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების მიერ პროტესტის დროს ორი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ და შტატში მიმდინარე ანტისაიმიგრაციო რეიდების შეჩერებას ითხოვენ.
მოქალაქეების მკვლელობაში ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანი მინესოტას ოპოზიციონერი მერის და გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.
აშშ-ის ათობით შტატში, მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ და იმიგრანტების დაკავებების - რეიდების შეჩერებას ითხოვენ. მიმდინარეობს შეტაკებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველები სპეციალურ საშუალებებს, "წიწაკის სპრეის," ცრემლსადენ აირს ხელკეტებს და პნევმატურ იარაღს იყენებენ. დაკავებულია ათობით მოქალაქე, არიან დაშავებულები.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე