2026 წლის პირველი საერთაშორისო გამოფენა - კომპანიების ნაწარმი ბერლინის მრავალეროვნულ ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი. ქართულ გამორჩეულ გემოებსა და პროდუქტებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეცნობიან.
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, თაფლი და კონსერვები - ქართული ბრენდების ნაწარმი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოფენაზე "მწვანე კვირეული"-ს ფარგლებშია წარმოდგენილი. 15-ზე მეტი კომპანიის პროდუქციას პოტენციური კლიენტები და პარტნიორები ეცნობიან. ქართული სივრცის მიმართ ინტერესი განსაკუთრებულია. ინფორმაციის მიღებასთან ერთად, მსურველებს პროდუქტების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
"მწვანე კვირეული" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს აერთიანებს. აგროპროდუქციის პარალელურად, სივრცეში წარმოდგენილია პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, კურორტებსა და კულტურულ მრავალფეროვნებას დამთვალიერებელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცნობს.
გამოფენას ესწრება გერმანიაში საქართველოს ელჩი. ალექსანდრე კარტოზია ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ქართული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
სოფლის განვითარების სააგენტოს მთელი წლის გეგმა გაწერილი აქვს. სააგენტო 10 ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
ბერლინში გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. "მწვანე კვირეულმა" წელს, 50-ზე მეტი ქვეყნიდან, 1 600-ზე მეტი კომპანია გააერთიანა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე