თვითნებურად შესრულებული წარწერები, ნახატები და სიმბოლოები - 5000-ზე მეტი შენობა, რომლის იერსახე უკვე დამახინჯებულია, თუმცა ეს ყველაფერი ქუჩით არ სრულდება. იგივე სურათია მიწისქვეშა გადასასვლელებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებსა და მეტროს სივრცეებში. ვანდალიზმის ხელი ეტყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თუ ისტორიულ შენობებს.
ვანდალიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო მიდგომებს ამკაცრებს. ინიციატივის ავტორი დედაქალაქის მერიაა. პროცესში ერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროც. აღსრულდება ამ დრომდე არსებული ყველა ნორმა. გამკაცრდება კანონი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფო ქონებას მიზანმიმართულად დააზიანებენ.
ვიდრე ინიციატივა კანონად იქცევა, მანამდე შესაბამის სამსახურებს დავალება უკვე მიღებული აქვს. მუნიციპალური ინსპექცია უწყვეტ მონიტორინგს განახორციელებს. "თბილსერვისის" სამსახური კი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამწმენდ სამუშაოებს გააგრძელებს. დედაქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩა, მიწისქვეშა გადასასვლელი თუ შენობის გარე ფასადი გაიწმინდება და მოწესრიგდება.
ვანდალიზმის ფაქტებზე კანონის გამკაცრებას მიესალმება მმართველი გუნდი. როგორც საკანონმდებლო, ისე თვითმმართველი ორგანო თანხმდება, რომ მსგავს დანაშაულებზე რეაგირება მკაცრი უნდა იყოს.
ინიციატივით დედაქალაქის მერია პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს. კანონმდებლები საკანონმდებლო ცვლილებებს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.