04 აგვისტო 2026,   18:26
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით 4 პირს განაჩენი გამოუტანა - გამოძიებამ დაადგინა, რომ მოძალადე ჯგუფის თავდასხმის შედეგად, შუქრუთის მაღაროს დირექტორმა მძიმე დაზიანებები მიიღო

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებათა ნუსხა, რის საფუძველზეც სასამართლომ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდამსხმელებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანა, ექსპერტიზის დასკვნებს, ჩვენებებს, ვიდეომასალებსა და დოკუმენტურ მტკიცებულებებს მოიცავს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თენგო კობერიძის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ 2 პირს 6 წელი და 3 თვე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ 2 ბრალდებულს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოძალადე ჯგუფის თავდასხმის შედეგად, შუქრუთის მაღაროს დირექტორმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის, ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა.

შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა გასული წლის 28 აპრილს, სოფელ პერევისაში, მას შემდეგ მოხდა, რაც წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფმა მაღაროში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო. თენგო კობერიძეს, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა- პროტესტის საინიციატივო ჯგუფის 30-მა წევრმა ჯერ გზა გადაუკეტა, ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, ქვები ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან ერთად, დაზიანდა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილიც. საქმეში არსებული უტყუარი, მათ შორის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად, მაღაროელები სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც უსამართლოდ მიიჩნევენ.

კობერიძეზე თავდასხმას წინ უძღოდა მუქარებიც. პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები ღიად ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ძალადობისთვის.

ამ მუქარებისა და შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ამსახველი არაერთი მტკიცებულების ფონზე, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მძიმე დანაშაულის უარყოფა საფუძველს მოკლებულია. კომპანიის იურისტის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, იმ ჯგუფის მიმართ, ვინც მაღაროების ხელოვნურ პარალიზებას და კრიზისის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობდა. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი", დეზინფორმაციას უწოდებს პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრების მტკიცებასაც, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორის საქმეში, მხოლოდ მაღაროელები ფიგურირებენ.

სასტიკი თავდასხმის შემდეგ, თენგო კობერიძის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე დამძიმდა. შუქრუთის მაღაროს დირექტორი, ქუთაისის კლინიკაში ექიმების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ძალადობაში მონაწილე პირები კი იმერეთის პოლიციამ, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით გაგრძელდა.

დღის ამბები