მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, კოორდინირებული თავდასხმები და უსაფუძვლო ბრალდებები - პარლამენტის თავმჯდომარე უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან, ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული სასამართლოს ობიექტურობა, სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, ამის მიუხედავად, უცხოელი ელჩების მხრიდან, ბოდიშის ნაცვლად, ისევ კრიტიკა ისმის. ეს მაშინ, როცა სასამართლოს მიკერძოებულობის და პოლიტიკური გავლენების პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ დასავლურ ქვეყნებში დგას. ამის მაგალითი შალვა პაპუაშვილისთვის, პოლონეთიდან უნგრეთში პოლიტიკური დევნის გამო, თავშესაფრის საძიებლად გაქცეული ყოფილი გენერალური პროკურორი და ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენია, რომელსაც შესაძლოა 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც შეეზღუდოს.
საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკასა და ევროკავშირის ქვეყნების სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ქვეყნის პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი პრობლემებზე ღიად საუბარს, ხშირად დუმილს ამჯობინებს.
უცხოელებთან ერთად, ქართულ მართლმსაჯულებას უკვე დიდი ხანია ქართული ოპოზიციაც აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს სხვა ქვეყნების მაგალითზე საუბარი არ სურს, ნაწილი კი აღიარებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში დგას.
უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მხრიდან საქართველოს მიზანმიმართული კრიტიკა, მათსავე ქვეყნის პრობლემებზე კი თვალის დახუჭვა უცხო არ არის მმართველ გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ყველა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააბათილა, როცა ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებული არაერთი ვერდიქტი ძალაში დატოვა.
კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანი ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა იყო - პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა კონკრეტული ევროპელი ლიდერების თუ დიპლომატების უსამართლო კრიტიკა.
საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ფრანგი პოლიტიკოსი 2027 წლის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას. პოლონეთის ყოფილმა გენ პროკურორმა, პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი პოლიტიკურ შურისძიებაში, პოლონური სასამართლო კი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გაიქცა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.