03 აგვისტო 2026,   22:58
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც დღეს უნდა გამოეკვლიათ. რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება

როგორც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს უთხრა, მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციით და მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არ არსებობს.

"ბრალდების მხარემ წინა პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი გვქონდა დისკები, რომლებშიც ასახულია სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული დისკების გამოკვლევა უნდოდა ბრალდების მხარეს, თუმცა დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით. დარჩა 40-ზე მეტი მოწმე გამოსაკითხი და კიდევ რამდენიმე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.

დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ არ უცნია, გამოკითხულები არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამხელენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, უნდა აღიაროს ბრალდებულმა დანაშაული, უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება და მომართოს პროკურატურას, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

დღის ამბები