ევროკომისია არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ზრდის გეგმაზე მუშაობს. AgoraEU - ევრობიუროკრატია სწორედ ამ პროგრამის საშუალებით განიხილავს იმ ფინანსური დეფიციტის შევსებას, რომელიც USAID-ის საქმიანობის შეწყვეტის შედეგად დადგა. ევროკომისია 9 მილიარდამდე ევროს მობილიზებაზე საუბრობს. გეგმას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. ევროდეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით ევროკომისია პოლიტიკური აქტივისტების ქსელს დააფინანსებს, მიზანი კი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მოქმედება იქნება. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.
რა ინტერესია აქვს ბრიუსელს, არასამთავრობო სექტორის დახმარება 600 პროცენტით გაზარდოს? - ევროკომისიის გეგმა სიახლე არ არის სახელისუფლებო პარტიისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაფინანსების ახალი სქემა ძველ ინტერესებს მოემსახურება და გარე ძალები ისევ შეეცდებიან, არასამთავრობო სექტორის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
ევრობიუროკრატების გეგმას მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ევროპელი ლიდერების მხრიდან დაანონსებული დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
დასავლელი პოლიტიკოსებისა და ევროკავშირის შეთანხმებული გეგმით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ ქსელზე საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ლიზ ტრასი საკუთარ პოდკასტში აცხადებს, რომ ენჯეოსექტორის "თაღლითთა კლასი" ტონი ბლერისა და მისი თანამოაზრეების, კლინტონის, ობამასა და ევროკავშირის საშუალებით შეიქმნა და მულტიმილიონიანი ფონდების მხარდაჭერით სარგებლობს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე თბილისში დიდი ხანია საუბრობენ, ამ საკითხზე თანხვედრაშია ოფიციალური თბილისისა და შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიციებიც, რომელმაც USAID-ს და სხვადასხვა ორგანიზაციას დაფინანსება სწორედ მიკერძოებულობის გამო შეუჩერა. დეპუტატები აცხადებენ, რომ დაფინანსება ისევე როგორც ფონდების საქმიანობა, გამჭვირვალე უნდა იყოს, რასაც საქართველოში მიღებული კანონმდებლობა უზრუნველყოფს.
ევროკომისიის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ზრდისთვის განსაზღვრული 8-ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი ეტაპობრივად უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დაიხარჯება.