სოციალურ ქსელებში 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ისინი ჰყვებიან, რომ აქციებზე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. კლიპში მონაწილე პირები დახმარებასა და საერთაშორისო გამოძიებას უცხო ქვეყნებს სთხოვენ.
ე.წ. კამიტის თემის ხელოვნურად გააქტიურების მცდელობა და გარედან მიღებული კიდევ ერთი დაკვეთა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება დაწყებულ კამპანიაზე. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ფინანსური რესურსისა და გარე აქტორების კამპანიის მიუხედავად, საქართველოში ჩატარებულმა გამოძიებამ და მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ე.წ. კამიტის თემას წერტილი დაუსვა, ახლა ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ახალი აქტივობა დაგეგმეს. სცენარის ავტორი კი, სახელისუფლებო პარტიის ინფორმაციით, ნიკა გვარამიაა.
საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამიას თანაგუნდელები დღეს მედიასთან არ გამოჩნდნენ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის პოზიცია კი ვიდეორგოლში მონაწილე პირების მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია - ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვენ. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში იგივე გაიმეორა კლიპში მონაწილე ექიმმაც.
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ახალ კამპანიას რამდენიმე მიზანი აქვს - მმართველი პარტიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ე.წ. კამიტის თემამ აქტუალობა არ დაკარგოს, ხელისუფლების ოპონენტებმა გარე ძალების დავალებით შექმნილი ფილმის პოპულარიზაცია დაიწყეს, რომლის ჩვენებაზეც, იანვრის ბოლოს, რამდენიმე საერთაშორისო მედიაცაა მიწვეული.
BBC-ის ე.წ. ფილმის შემდეგ გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ გასცა. სუს-ის ინფორმაციით, გამოიკითხა 93 პირი. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ შსს-ს 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს, არა მხოლოდ ე.წ. კამიტი, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. შესაბამისად, ითქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული, თემა კი დახურულია.