აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება თბილისში. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამ ფონზე ვენეციის კომისიის მიკერძოებულობაზე საუბრობს.
"ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის არსებული ე.წ. საერთაშორისო წესრიგის ფაქტობრივად აქტიური დემონტაჟის პროცესი. ვენეციის კომისია თავის დროზე შექმნილი იყო სწორედ იმისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე, წმინდა სამართლებრივი დასკვნები გაეკეთებინა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. თუმცა, საქართველოს მაგალითზე ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით იყო შემოფარგლული და მათ მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე, ფაქტობრივად, ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეულწილად ეს ყველაფერი სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგია, რაც მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურებში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორისაა ვენეციის კომისიაც. თეთრი სახლის განცხადებით, ეს სტრუქტურები ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.