თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდიას სიჭინავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე, დაცვის მხარე, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევები დაადგინა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გიორგი გახარიას კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს.
"დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოითხოვს შუამდგომლობით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, იმიტომ, რომ მოცემულ საქმეში არა თუ ალბათობის მაღალი ხარისხი არ არის, რომელიც მტკიცებულებების სტანდარტია არსებით განსახილველად საქმის გადაცემისთვის, არამედ არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომლითაც გიორგი გახარიას დამნაშავეობა დადასტურდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დადგინდა იქ დარღვევები, თუმცა არავითარ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გიორგი გახარიას კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.