02 აგვისტო 2026,   12:01
ვრცლად
კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული უძველესი სოფელი, სადაც ტრადიციები სრულად არის შენარჩუნებული - როგორ ხვდებიან თუში მწყემსები ახალ წელს

მთის ცხოვრების სირთულეების გადალახვის შემდეგ თუში მწყემსები საახალწლო სამზადისს იწყებენ. როცა ცხვარს მთიდან ბარში ჩამოიყვანენ და ზამთრის სადგომში დააბინავებენ, მწყემსები საახალწლო სუფრის გაშლას შეუდგებიან. ეს ზემო ალვანია - კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული უძველესი სოფელი.

ბონდო იმედაძე მწყემსია. თუ ასობით ცხვარი უდანაკარგოდ დააბინავეს, წელი მწყემსებისთვის წარმატებულად ითვლება. ასეთი იყო გასული 2025 წელიც. ბონდო იმედაძესთან ერთად სხვა მწყემსებიც ახალ წელს ოჯახისგან მოშორებით ხვდებიან. საახალწლოდ მათი ოჯახი "ცხვრის ბინაა", რომელიც ალვანის მინდვრებში მდებარეობს.

თორმეტი საათის მოახლოებას საერთო ფუსფუსით ხვდებიან. ძველი საახალწლო ტრადიციები აქ თითქმის სრულად არის შენარჩუნებული. ზოგი შეშას ჭრის, ზოგი ხინკალს ახვევს, ზოგი კი ავთენტურ თუშურ კერძს - დათხურს ამზადებს. ოჯახის სითბოს მონატრებული მწყემსები, რომლებიც მცირე სადღესასწაულო პაუზის შემდეგ კვლავ საყვარელ საქმეს უბრუნდებიან, ერთმანეთისთვის ოჯახური გარემოს შექმნას ცდილობენ.

სადღესასწაულო სუფრა მთლიანად კაცების ნახელავია. განსაკუთრებული მნიშვნელობა კაკალს, თხილსა და თაფლს ენიჭება - მათთვის ეს სიტკბოსა და კეთილდღეობის სიმბოლოებია.

აქ სიმღერებიც განსაკუთრებულია - ის, რასაც მთებში ყოფნისას სწავლობენ. "შატილის ასულო" მათთვის მხოლოდ სიმღერა კი არა, მონატრებისა და ფესვების გახსენებაა.

ამ სიმღერის ტექსტის ავტორის, იოსებ ლოგიშვილის შვილი, ადგილობრივი მეწარმე ქრისტინე ლონგიშვილი, წელს მწყემსების მეკვლეა. მეკვლე კი, თუშური ტრადიციის მიხედვით, გამორჩეული სტუმარია.

ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ მწყემსებს ბარიდან ისევ ზამთრის საძოვრებისკენ მოუწევთ გამგზავრება, სადაც გაზაფხულამდე დარჩებიან. ეს ის დროა, როცა თოვლი დნობას დაიწყებს და მეცხვარეები კვლავ კავკასიონის ქედისკენ გაეშურებიან.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები