11 აგვისტო 2026,   05:17
ვრცლად
ომები, პროტესტი და კლიმატური კატასტროფები - როგორ დაამახსოვრდა მსოფლიოს 2025 წელი

მშვიდობის ილუზია ახლო აღმოსავლეთში ომის ორი წლისთავზეც ქაღალდზე დარჩა - 2025 წელსაც მსოფლიომ ვერც კონფლიქტების პრევენცია და ვერც მათი მართვა შეძლო. დიპლომატია ამჯერადაც იარაღის ენამ ჩაანაცვლა.

ის, რომ სამხედრო ძალა სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარების ერთადერთ ბერკეტად იქცა, მსოფლიომ 2025 წლის 13 ივნისს, დაბომბილი თეირანის მაგალითზეც ნახა.

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში წერტილოვანი დარტყმები მიიტანა ირანის გულში - ცენტრალურ სამხედრო და ტექნოლოგიურ ობიექტებზე. დრონებსა და ბომბებს გადაურჩა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ირანის სამხედრო-პოლიტიკურმა და სამეცნიერო ელიტამ.

ისრაელის არგუმენტი, რომ ირანს ატომური იარაღის შექმნამდე რამდენიმე დღე აშორებდა, გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციამაც. ფორდო, ნათანზი, ისპაჰანი - 2025 წელს მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამერიკულ, 14-ტონიან ბუნკერგამტარ ბომბებს, რომლებითაც ირანის ბირთვული ამბიციები ჩაიბეტონა.

შურისძიება არ დააყოვნა - ირანმა ოპერაცია "შუაღამის ჩაქუჩი" დაიწყო, რომლის სამიზნეც თელ-ავივი გახდა. "რკინის გუმბათი" და "დავითის შურდული" მაღალი სიზუსტით პასუხობდნენ თითოეულ დარტყმას. ირანს ერთგულება დაუდასტურეს იემენიდან ჰუსიტებმა, ღაზის ნანგრევებიდან ჰამასმა, ხოლო ლიბანის მთებიდან ჰეზბოლამ.

სამხედრო კონფლიქტების პარალელურად ისრაელს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის დაძლევაც მოუხდა. პრემიერმა მოსახლეობისგან ომის გაჭიანურების ბრალდებები არაერთხელ მოისმინა. მძევლების ოჯახის წევრები ღაზაში საომარი მოქმედებების შეჩერებასა და გატაცებულების დაბრუნებას ითხოვდნენ.

ორწლიანი მოლოდინის შემდეგ ისტორიული შეთანხმება შედგა - დაპირისპირებულმა მხარეებმა მძევლები და პატიმრები გაცვალეს.

45 000 დაღუპული ღაზაში, 100 000-ზე მეტი დაშავებული, 10 000 დაკარგული, დანგრეული სკოლები და საავადმყოფოები, მიწასთან გასწორებული ქალაქები და 3 მილიონზე მეტი დევნილი - ეს მონაცემები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მძიმე ბრალდებების საფუძველი გახდა: ომის დანაშაული, გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

გაისამართლებენ თუ არა ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს - უცნობია, თუმცა ამ ნაბიჯის გამო სასამართლო უკვე დასაჯა ისრაელის მთავარმა მოკავშირემ. ვიდრე ნეთანიაჰუ და გალანტი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან, ვაშინგტონის სანქციები ჰააგის მოსამართლეებსა და პროკურორებს შეეხო.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ვაშინგტონის ნაბიჯებმა მწვავე საპროტესტო ტალღა გამოიწვია ამერიკაშიც. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი გახდა პრო-პალესტინური მოძრაობა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში - პროფესორებისა და სტუდენტების დაუმორჩილებლობამ საყოველთაო გაფიცვის ფორმა მიიღო. სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე მდგომმა ვაშინგტონმა პროტესტს ხისტი ძალა დაუპირისპირა - დაიწყო რეიდები და დემონსტრაციების კრიმინალიზება, რასაც მალევე მოჰყვა პალესტინის მხარდამჭერი უცხოელი სტუდენტების დეპორტაცია.

დეპორტაციის სამიზნე ტრამპის ახალი პოლიტიკის პირობებში ის ადამიანებიც გახდნენ, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ. უპრეცედენტო ბრძანების შემდეგ საიმიგრაციო სამსახურმა შტატების ქალაქებში ეთნიკური ნიშნით რეიდები დაიწყო, რასაც ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ბოსტონში, სიეტლსა და პორტლენდში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის ჩასახშობად ქალაქებში ჯერ ეროვნული გვარდია შეიყვანეს, შემდეგ კი აქციები ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. ძალოვნებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენეს. ასობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ოპონენტების გაჩუმების კიდევ ერთ ფორმად საზოგადოებამ 2025 წელს სიძულვილით მოტივირებული მკვლელობაც იხილა. ამერიკაში კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლზ კირკის მკვლელობას ახალი ტერმინი - "ლიბერალური ტერორიზმი" - დაერქვა.

საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ ევროპაშიც. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობა ხელისუფლებებს მიგრაციული ნაკადების შეჩერებასა და კონტროლს სთხოვდა.

ევროკავშირმა კიდევ ერთი კრიზისი განიცადა - მთავრობების ფორმირების პროცესი. გერმანიასა და საფრანგეთში პარტიებმა მოსახლეობის არასაკმარისი მხარდაჭერის ფონზე ერთმანეთის მიყოლებით გადადგომის გადაწყვეტილებები მიიღეს.

ევროპაში კვლავ მწვავე პრობლემად დარჩა კორუფცია. სკანდალების შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ სერბეთის პრემიერი და ბულგარეთის მთავრობა. ამავე ბრალდებებით დააკავეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ევროკავშირის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. თურქეთში კი ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააპატიმრეს, რასაც მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა.

ევროპისა და ამერიკის კრიზისების ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა ჩინეთი. პეკინმა საკუთარი ამბიციები ტიანანმენის მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმით წარმოაჩინა - 26 სახელმწიფოს ლიდერთან ერთად ტრიბუნაზე სამი ბირთვული ქვეყნის ლიდერი გამოჩნდა: სი ძინპინი, ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი. პეკინის, ფხენიანისა და მოსკოვის ალიანსზე საერთაშორისო პრესა კვირების განმავლობაში წერდა.

54 წლის შემდეგ პირველად ერთმანეთს ორი ბირთვული სახელმწიფო დაუპირისპირდა. სასაზღვრო ინციდენტებით დაწყებული კონფრონტაცია სამ კვირას გაგრძელდა. დელიც და ისლამაბადიც ერთმანეთს "ჰიბრიდულ ტერორიზმში" ადანაშაულებდნენ. კონფლიქტის დასრულება აშშ-ის პრეზიდენტმა შეძლო.

2025 წელს ეპოქალური ცვლილებები განიცადა ქრისტიანულმა სამყარომ - 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე. მეთევზის ბეჭდის გატეხის შემდეგ ვატიკანში ვაკანტური ტახტის პერიოდი გამოცხადდა. 133 კარდინალმა ორდღიანი კონკლავის შემდეგ პირველად პონტიფიკოსად ამერიკელი რობერტ ფრენსის პრევო აირჩია, რომელიც ისტორიაში ლეო XIV-ის სახელით შევა.

2025 წელი სამოქალაქო დაპირისპირებებითაც დაგვამახსოვრდა - ცხელი წერტილები იყო კონგო, მალი, მაროკო, კენია, მადაგასკარი და სირია. ნეპალში დაპირისპირება რევოლუციით დასრულდა - Z თაობამ სოციალური ქსელების ბლოკირების შემდეგ პარლამენტის შენობა გადაწვა.

ომებთან ერთად მსოფლიო კიდევ ერთ გამოწვევას - ნარკოტრაფიკს - შეეჯახა. ისტორიაში პირველად ქვეყნების ხელისუფლებებმა უპრეცედენტო მეთოდები გამოიყენეს: შეერთებულმა შტატებმა ნარკოკარტელებს ომი გამოუცხადა და კარიბის ზღვაში არაერთი ნარკომეკობრე გემი ააფეთქა.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ "ტოტალური ომი" გამოაცხადა ბრაზილიამაც. მედია სასტიკ კადრებს ავრცელებდა, სადაც რეიდების შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს ქუჩები ცხედრებით იყო დაფარული. კრიმინალის მიმართ ხელისუფლების ლოიალურმა პოლიტიკამ მექსიკაში სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია - დაჯგუფებებმა არაერთი ქალაქის მერი და მაღალჩინოსანი მოკლეს, მოსახლეობამ კი პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებაც სცადა.

2025 წელს ფართომასშტაბიანი ადამიანური, მატერიალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური დანაკარგები მოიტანა ბუნებრივმა კატასტროფებმა. წყალდიდობებმა, ქარიშხლებმა და ყინვებმა არაერთი ქვეყანა დააზარალა - ზარალი მილიარდებს სცდება.

"ნუ შეეცდებით თქვენი სახლების გადარჩენას. დატოვეთ ყველაფერი!" - ამ მოწოდებით გააფრთხილა კალიფორნიის ხელისუფლებამ მოსახლეობა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც კლიმატის ცვლილებამ, ხანგრძლივმა გვალვამ და რეკორდულმა სიცხეებმა გამოიწვია.

რეკორდული ტემპერატურისა და ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ევროპის 14-მა სახელმწიფომ. კონტინენტზე პირველად ესპანეთში ტემპერატურამ 48 გრადუსს გადააჭარბა. ჰიდრომეტეოროლოგებმა ამ მოვლენას "ინფერნო" - ჯოჯოხეთი - უწოდეს.

გლობალურმა დათბობამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები და ტორნადოები. ბუნებაზე ადამიანის მავნე ტექნოგენური ზემოქმედების კვალი ყველა კონტინენტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.

ამაზონმა წელსაც მილიონზე მეტი ჰექტარი ტყის საფარი დაკარგა. დაუდევრად გამოყენებული ბუნებრივი რესურსები, დაბინძურებული ატმოსფერო და ოკეანეები - წითელ ნუსხას 2025 წელს კიდევ 18 სახეობის ცხოველი და ფრინველი სამუდამოდ დაემატა.

ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრები ფილიპინებსა და ნეპალში მოხდა - 8.2 და 7.6 მაგნიტუდის ბიძგებმა 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით კი უსახლკაროდ დატოვა.

კინოში 2025 წელი ადამიანის უფლებების დაცვის მანიფესტად იქცა. მიგრაციის კრიზისი და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლა წლის პრემიერების მთავარ თემად იქცა. ჰოლივუდიდან ტაივანამდე რეჟისორები ცდილობდნენ დაენგრიათ უხილავი კედლები, რომლებიც საზოგადოებებს ყოფს.

კაცობრიობის პროგრესი მხოლოდ კულტურაში არ აისახა. 2025 წლის ნობელის კვირეულმა მსოფლიოს ახალი გმირები გააცნო - პრემია მედიცინის, ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში საკვანძო აღმოჩენებისთვის გადაეცა. კაცობრიობა კვლავ სწავლობდა, როგორ დაიცვას საკუთარი სხეული, პლანეტა და თავისუფლება.

მშვიდობის ნობელის პრემია კი ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, დემოკრატიისთვის დაუღალავი ბრძოლისთვის გადაეცა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები