21:00 საათზე, ახალი წელი დადგა ტაილანდში, ვიეტნამში, ლაოსში, კამბოჯასა და ინდონეზიაში.
ჯაკარტასა და ბანგკოკში კილომეტრებზე გადაჭიმული ფეიერვერკების შოუ მიმდინარეობს. ტაილანდის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ცაში ცეცხლოვან ფარნებს უშვებს. ხალხს სჯერა, რომ ფარნებთან ერთად გასული წლის ყველა ნეგატივიც შორდება.
პირველმა კი 2026 წელი წყნარი ოკეანის კიდემ იზეიმა - სწორედ კირიბატიდან, სამოასა და ტონგადან იწყება დედამიწაზე ახალი წლის შემოსვლა. ამის შემდეგ ახალი წელი ნელ-ნელა აღმოსავლეთით გადაადგილდება - ახალი ზელანდია, ფიჯი, სოლომონის კუნძულები, სიდნეის ყურე - იქ ყველგან ახლა უკვე 2026 წელია.
სიდნეის ნავსადგურში წლევანდელი ფეიერვერკების შოუ ავსტრალიის აბორიგენულ კულტურას მიეძღვნა.
ახალ ზელანდიაში ცაში 3 500 გასროლა განხორციელდა. შოუ 240 მეტრის სიმაღლის "სქაი თაუერიდან" გაიმართა.
ახალი წელი უკვე დადგა ტოკიოშიც და სეულშიც. სამხრეთ კორეის დედაქალაქში დრონების შოუ გაიმართა, რომელმაც ცაში კორეული სიმბოლოები და საახალწლო მილოცვები გამოსახა. იაპონური ახალი წლის მთავარი სიმბოლო კი ტაძრებში ზარების რეკვაა.
108 დარტყმა - თითოეული სიმბოლურად განდევნის გასული წლის ერთ ცოდვასა და ერთ დარდს.
ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ პეკინსა და შანხაიში ტრადიციული ჩინური ახალი წელი უფრო მნიშვნელოვანია, 1 იანვარს მაინც მასშტაბური ღონისძიებებით ხვდებიან. სინათლის შოუ იმართება შანხაის ცნობილ სანაპიროზე - ათასობით დრონი ცაში სხვადასხვა ფიგურასა და "2026"-ს გამოსახავს. პეკინში კი ლაზერული შოუს გარდა ტრადიციული დაფდაფების ცერემონიაც ტარდება.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე საქართველო ახალი წლის მოლოდინშიც შუაშია. საქართველოს შემდეგ 2026 წელს ევროპა, ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი და ამერიკის კონტინენტი ელოდება, სადაც ახლა ჯერ კიდევ შუადღეა. როდესაც ნიუ-იორკში ბურთი დაეშვება, იმ დროს მსოფლიოს დიდ ნაწილს უკვე ეძინება.
დრო მოძრაობს, ახალი წელი კი გლობუსის გარშემო მოგზაურობას განაგრძობს. ყველაზე ბოლოს ახალი წელი ჰავაიზე მიაღწევს.
და როცა ბოლო ფეიერვერკიც იქ ჩაქრება, დედამიწა სრულ წრეს დაასრულებს - რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელი წავიდა და ახალი, 2026 წელი ყველგან დადგა.