11 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
თბილისის პასუხი ბრიუსელს - მმართველი გუნდის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციით სპეკულირება, მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას ემსახურება

პარლამენტის თავმჯდომარისთვის არაგონივრული გადაწყვეტილება და პოლიტიკური შანტაჟის მორიგი ინსტრუმენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მსჯელობა იქნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპულ ბიუროკრატიას დიდი ხანია სამართლიანობა და ობიექტურობა დაკარგული აქვს და მათი ინტერესი ევროპისთვის მიუღებელი ხელისუფლებების წინააღმდეგ მავნე პოლიტიკის წარმოებაა.

უვიზოდ გადაადგილების შეჩერების არცერთ მექანიზმს საქართველო არ აკმაყოფილებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. მმართველი გუნდის განცხადებით, ამ საკითხით სპეკულირება მხოლოდ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ამგვარი დამოკიდებულება და საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშის დანერგვის მიზანი, რეალურად ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა.

ევროკავშირის მხრიდან იძულებას ან შანტაჟს ოპოზიცია გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ქართველი ხალხის მხარდამჭერები არიან და თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგება, ეს პირველ რიგში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეეხებათ.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარის ფონზე, პრემიერ-მინისტრის მოლოდინია, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება. არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ქართველი ხალხის ინტერესები დაზიანდება.

2025 წლის იანვრიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეჩერებული აქვთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურებრივ და დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ. ევრობიუროკრატიის ამ მოთხოვნას სლოვაკეთი და უნგრეთი არ ასრულებენ. ევროკავშირმა, ერთი თვის წინ, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებული წესებიც დაამტკიცა და ის ძალაში 30 დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

დღის ამბები