ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც საბაჟოდან დახლებამდე პროდუქციის საშუალოდ 86 პროცენტით გაძვირების მიზეზს შეისწავლის, სავარაუდო კარტელური გარიგებები იქნება. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მორიგ ინტერვიუში ისაუბრა და დისტრიბუტორთა ასოციაციასა და ოპოზიციას შორის საეჭვო კავშირებზე მიუთითა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ ფასებზე აპელირებენ მაშინ, როდესაც პროდუქტს მაღალ ფასნამატს თავადვე ადებენ. სურსათზე ფასების შემცირების ინიციატორი კონკრეტულ პირებს მოუწოდებს, საკუთარი გადაწყვეტილებები საპარლამენტო კომისიის ფორმატში დაასაბუთონ.
პრემიერი ამ განცხადებაში ივა ჭყონიას გულისხმობს, რომელიც კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელია. თავად ჭყონია ბრალდებებს უარყოფს. აცხადებს, რომ ასოციაციას აღარ ხელმძღვანელობს და ამ საქმიანობასთან შეხება აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დისტრიბუტორები პროდუქციას წლების განმავლობაში მაღალ ფასნამატს მართლაც ადებდნენ, რადგან ამას გარემოებები აიძულებდათ.
ვისი სუბიექტური ინტერესები დგას მაღალი ფასნამატის უკან? - მმართველი გუნდი შემომტან კომპანიებთან მორიგი ოპოზიციონერის პირდაპირ კავშირებზეც მიუთითებს. საუბარია მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილ, შპს "მეგაკოზე", რომელიც ერთის მხრივ "ლელოს" მსხვილი შემომწირველია, მეორეს მხრივ კი საქართველოში რუსეთში წარმოებული პროდუქცია შემოაქვს. ეს კომპანია იმავდროულად თანამშრომლობს "მონდელზ ინთერნეიშენალთან", რომელიც უკრაინამ ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა - 2022 წლიდან რუსეთის ბიუჯეტში 61 მილიარდ დოლარზე მეტი რაოდენობის დონაციისთვის.
"ლელოში" დღეს მათი ლიდერის ბიზნესკავშირებზე კომენტარი არ ისურვეს. ხაზარაძის პარტიამ თავად გაავრცელა კომენტარი, სადაც მხოლოდ გაზრდილ ფასებზე საუბრობენ.
ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ფარისევლობა - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების რიტორიკას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები გაზრდილი ფასებით იღებენ როგორც პოლიტიკურ სარგებელს, რადგან ეს მოსახლეობის განწყობებზე აისახება, ისე მატერიალურ მოგებას, რაც ისევ ოპოზიციური აქტივობების დასაფინანსებლად სჭირდებათ.
სავარაუდო კარტელურ გარიგებებს ჯერ საპარლამენტო კომისია შეისწავლის, საჭიროების შემთხვევაში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მთავრობის ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ უპასუხა ფასების შემცირების მოწინააღმდეგეებს.
პრემიერი ამბობს, რომ სურსათის ცვლილებები შესაძლოა შეეხოს ფარმაცევტულ სექტორსაც და გაზრდილი ფასები შემცირდეს მედიკამენტებზეც.