1977 წელი, 23 დეკემბერი, ქვეყანა საბჭოთა ათეისტური რეჟიმის ჩრდილში ცხოვრობს, ეკლესიას არ ჰყავს მრევლი და მათ, ვისაც ღმერთი სწამთ, ფარულად ლოცულობენ.
სწორედ ამ დღეს იწყება ისტორია, რომელმაც საქართველოს სულიერი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა - წმინდა სინოდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ირჩევს.
ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას სათავეში 141-ე პატრიარქი ჩაუდგა. ილია მეორე პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ავიდა. მისი ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ახლად არჩეული პატრიარქი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მისი პატრიარქობის წლებს უკავშირდება ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა, ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ახალი წმინდანების კანონიზირება.
1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ისტორიული სამართლიანობა აღდგა და ქართულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარების სიგელი მიიღო.
თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ერის სულიერი წინამძღვარია. დღეს ამ თარიღის აღსანიშნავად, საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ წმინდა სინოდის მოლოცვა წაიკითხა.
ქართველი ერის ცხოვრებაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრეს ტაძარში შეკრებილმა სასულიერო პირებმა და ერის სულიერ მამას საზეიმო თარიღი მიულოცეს.
ილია მეორეს იუბილე მისი და მეუღლის სახელით, მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.
პატრიარქმა მილოცვები მიიღო პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარისგან.
"ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში" - წერს ირაკლი კობახიძე.
პატრიარქის ღვაწლზე წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი - "ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა" - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის მისალოცში კი საუბარია პატრიარქის სიბრძნეზე და შერიგების იმ მაგალითზე, რომელმაც ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა.
პატრიარქის ინტრონიზაციის 48-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო წირვაზე მისული მორწმუნეები ილია მეორეს ულოცავდნენ და ლოცულობდნენ მისთვის.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების დღე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორმოცდარვაჯერ იზეიმა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.