იყო თუ არა "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოკავშირე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში - ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, ლილუაშვილი თანამზრახველებთან, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილთან ერთად ცდილობდა არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო - "ქოლ-ცენტრები", გამოძიება ინტენსიურად მუშაობს.
პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ათობით ცენტრზე, საიდანაც სუს-ის ყოფილი უფროსი დიდ შემოსავალს იღებდა, ნაწილი კი სწორედ კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიდიოდა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ყველა საეჭვო კავშირები გამოძიებამ კარგად უნდა შეისწავლოს.
"ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ. ასევე, კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ "ქოლ-ცენტრების" მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები, იყო თუ არა დადგმული სპექტაკლი ის, რომ თითქოსდა, რაღაც სასამართლო დავა იყო, რომელმაც თავიდან ბოლომდე ამოწურა ეს საკითხი და შემდეგ უკვე იგივე ბატონი ხაბეიშვილის მეშვეობით ყურადღების გადატანა ხდებოდა და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროკურატურას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.