უიტკოფის გოლფ კლუბში, კიევის და მოსკოვის მომლაპარაკებელ ჯგუფებთან სამდღიანი რაუნდის დასრულების შემდეგ, დახურულ კარს მიღმა განხილული სადავო საკითხების შინაარსი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გაასაჯაროვა. ჯეი დი ვენსმა მედიას უთხრა, რომ უიტკოფი და კუშნერი, უმეროვთან და დმიტრიევთან, უკრაინის ტერიტორიების დათმობის პირობებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩაბარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის ბედს და ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენის პირობებს განიხილავდნენ.
ტრამპის გუნდმა სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგებიც შეაჯამა. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, კიევიც და მოსკოვიც პროცესის მიმართ "პროდუქტიული და კონსტრუქციული" მიდგომების დემონსტრირებას ახდენს. ცნობილია, რომ შეხვედრებზე კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარესთან ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობდა, რომლის პირობებმაც, საბოლოოდ, თეთრი სახლის შეფასებით, ოთხწლიანი ომი უნდა დაასრულოს.
ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევის პარალელურად, ოფიციალური კიევი მოკავშირეებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აგრესიის შეჩერებას არ გეგმავს და ომის დასრულებისთვის ქვეყანას შეიარაღების და ფინანსური მხარდაჭერის ახალი პაკეტები სჭირდება.
სამდღიანი მოლაპარაკებების შესახებ კრემლის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ გაახმოვანა. იური უშაკოვის განცხადებით, ტრამპის სამშვიდობო გეგმაში ცვლილებები გაჩნდა, რომლებიც კიევმა და ევროპამ ერთობლივად შეიტანეს, რაც მოსკოვის აზრით, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის.
სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ფრონტზე ყველაზე რთული ვითარება ახლა დონეცკის ოლქშია - ბრძოლები ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.