19 ივნისი 2026,   01:41
ვრცლად
ტულსი გაბარდმა ევროკავშირი და ნატო-ს მაღალჩინოსნები რუსეთ-უკრაინის ომის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა - საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოსაზრებას სრულად იზიარებს

მმართველი გუნდი შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოსაზრებას სრულად იზიარებს. ტულსი გაბარდმა ევროკავშირის ქვეყნები და ნატო-ს მაღალჩინოსნები რუსეთ-უკრაინის ომის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. გაბარდმა თქვა ისიც, რომ ბიუროკრატების მიზანი კონფლიქტის მასშტაბების გაზრდა და რუსულ-ამერიკული ჯარების დაპირისპირების პროვოცირებაა. ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვები დღეს საკუთარ სოციალურ ქსელში პარლამენტის სპიკერმაც გააზიარა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ე.წ. დიფ სთეითის კულუარულ გეოპოლიტიკურ თამაშებზე პირველად სწორედ "ქართულმა ოცნებამ" ისაუბრა.

ტულსი გაბარდმა ევროპელი მაღალჩინოსნები "დიფ სთეითის" მითითებების შესაბამისად მოქმედებაში ორგანიზაცია Turning point-ის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს დაადანაშაულა. დაზვერვის უფროსმა თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ცდილობს, ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები პროცესის დისკრედიტირებას მუდმივი პანიკისა და შიშის დათესვით ცდილობენ.

ამერიკული დაზვერვის უფროსის კრიტიკულ მოსაზრებებს არ იზიარებენ ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ რეალურად, შტატები ევროპელების გამოფხიზლებას ამ ფორმით ცდილობს. თუმცა, ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამერიკის ახალი მიდგომა ევროპის კონტინენტისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

ოპონენტებისგან განსხვავებით, გაბარდის სიტყვებში, ე.წ. კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესების გამოაშკარავების მცდელობას ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა, დღეს, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან გაკეთებული განცხადებები გაიხსენა. თქვა, რომ 2022 წლიდან საქართველო სწორედ სუბიექტური ინტერესების არგათვალისწინების გამო, ევროპელი მაღალჩინოსნების სამიზნე უსამართლოდ გახდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. უკვე 4 წელია, ომმა უკრაინის ტერიტორიაზე ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ტერიტორიები შეიწირა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად, კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის დამყარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დღის ამბები