სერბეთში, ბელგრადიდან 80 კილომეტრში მდებარე ეროვნულ ნაკრძალში ხანძარს ებრძვიან. უკვე რამდენიმე კვირაა, მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ ვერც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
ვითარება იმდენად გართულდა, რომ სერბეთმა დახმარება ევროკავშირსა და რუსეთს სთხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად სჭირდებათ სახანძრო თვითმფრინავები და სპეციალური ტექნიკა.
სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით, ევროკავშირი სერბეთს ვერტმფრენებსა და მეხანძრეებს უგზავნის. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ევროპული საგანგებო დახმარება მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენებს, რომლებსაც ქვეყანას ჩეხეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მიაწვდიან. ასევე, გერმანიიდან და რუმინეთიდან ჩავლენ მეხანძრეთა ჯგუფები და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. სერბეთს სახანძრო თვითმფრინავები გაუგზავნა რუსეთმაც.
ევროპის მასშტაბით, ტყის ხანძრის რამდენიმე კერაა. ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან პორტუგალიაშიც. დაშავებულია ოთხი მეხანძრე. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, აროუკაში, ხანძარმა დაახლოებით 3 000 ჰექტარი, ტორე-დე-მონკორვოში კი 700 ჰექტარი გაანადგურა. კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა სანტო-ტირსოში. სამივე კერის ჩაქრობაში, ჯამში, 1 200-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
განსაკუთრებული ვითარებაა ბრიტანეთშიც, სადაც, უკვე რამდენიმე თვეა, არ უწვიმია. ესექსის საგრაფოში, მოსახლეობას სავარგულების სასმელი წყლით მორწყვა აეკრძალა. ნისლიან ალბიონზე, უჩვეულოდ ძლიერი სიცხითა და უნალექობით გამოწვეული გვალვის ფონზე, წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ მაჩვენებლამდე დაიკლო.
ევროპაში მასშტაბური ხანძრებისა და ძლიერი გვალვის ფონზე, საფრანგეთის ქალაქ ბორდოსთან, ასევე, ბელგიის ლიეჟის პროვინციაში პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
მდინარეებში წყლის დონის კლების შედეგად, გამოჩნდა იმ პერიოდის სამხედრო ტექნიკა და იარაღი, მათ შორის გერმანული სამხედრო ხომალდები, ვერმახტის მოტოციკლი და ბომბი.
ხანძარი მხოლოდ ევროპის კონტინენტზე არ მძვინვარებს. ამერიკაში, ნევადას შტატში, ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა. ცეცხლი რინოსთან ახლოს, 4 250 ჰექტარ ფართობზეა მოდებული. შტატის ხელისუფლებამ სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისთვის საგანგებო გეგმის გაცნობისკენ მოუწოდა.