11 აგვისტო 2026,   06:04
ვრცლად
კონტროლი წიწვოვანი მცენარეების მოპოვებაზე - გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში იმ ობიექტებს ამოწმებს, სადაც ნაძვის ხეებს ყიდიან

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი თბილისში იმ ობიექტებს ამოწმებს, სადაც ნაძვის ხეებს ყიდიან. ერთ-ერთი ასეთი ადგილი დედაქალაქში სპორტის ყოფილი სასახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების შემთხვევებზე კონტროლი იზრდება.

დედაქალაქში ნაძვები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოაქვთ. ის ვინც ნაძვის ხეს ყიდის, მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ შესაბამისი საბუთიც უნდა ჰქონდეს.

მათ, ვისაც ხელოვნურ ნაძვს ბუნებრივი ურჩევნია, ეროვნული სატყეო სააგენტო ურჩევს, უპირატესობა ქოთანში გამოყვანილ ნაძვის ხეს მიანიჭონ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის პლანტაციებში ან სანერგე მეურნეობაშია გამოყვანილი. საქართველოს რეგიონებში ასეთი ათეულობით მეურნეობაა. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია როგორც სანერგეებში, ასევე პლანტაციებში და საკარმიდამო ნაკვეთებში. ნებადართულია იმპორტიც.

უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა, პირველად 2 000 ლარია, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

აირჩიე ხელოვნური ნაძვის ხე და დაიცავი ბუნება - ეროვნული სატყეო სააგენტო ახალ წლამდე მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ხე-ტყის უსისტემო ჭრა ქვეყნის ტყის საფარს საფრთხეს უქმნის და ბუნებრივ სიმდიდრეს ანადგურებს.

დღის ამბები