03 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის  და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.  

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ.  და 1975 წელს დაბადებულ ს.ქ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ  გამოვლენილი  ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ,  სასაზღვრო გამტარი პუნქტი "სარფის" გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ. 

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.   
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები