გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სიტყვით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე გამოვიდა. დავით სონღულაშვილმა ლიდერთა პანელზე საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. სესიას 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაეროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ნაირობიში მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მინისტრმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან, ტატიანა მოლჩეანთან. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი კოლეგა მინისტრებსაც შეხვდა. კენიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის დროს განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები. კლიმატის ცვლილებების ფონზე, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის საჭიროებაზე შედგა საუბარი კენიის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრთან.
კლიმატის ცვლილებების კუთხით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა ყურადღება ბელგიის სამეფოს დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთანაც. მხარეები გარემოსდაცვითი პროგრესისა და მდგრადი განვითარების გასაძლიერებლად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ავტორი: ირაკლი კოშაძე