2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ "ბრომ ბენზილ ციანიდი", იგივე "კამიტე" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია". 2024 წელს "ქლორ ბენზილ-დინ მალო ნონი ტრილი", მის გამხსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი გამოიყენეს, მათგან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუს-მა დაკითხა ყველა, ვის ე.წ. დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო. ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები, მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა.
გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი. თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, BBC-ის რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს.
"მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ ფაქტობრივად რამდენიმე დღეში შეისწავლა უამრავი მასალა და დადგინდა, რომ ჩვენ ასეთი ნივთიერება არც გვაქვს, არც გამოგვიყენებია და არც მომავალში გამოვიყენებთ. ყველა ის საშუალება, რომელიც გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა აქციების დროს, იყო ის ნივთიერებები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო კანონმდებლობით, რომელსაც იყენებს საფრანგეთიც, იტალიაც, გერმანიაც, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ იყო მცდელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების კიდევ ერთი მცდელობა. ის, რაც ვიხილეთ, იყო კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული. სამწუხაროდ, ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ პერფორმანსში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც ჯიუტად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ როგორმე დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფო," - აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარემ, ლადო ბოჟაძემ.