ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი ქვეყნის ისტორიაში, ექვს ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია და ახალი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში კრწანისსა და გონიოში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს 16 000 საცხოვრებელი სახლის, სასტუმროების, აპარტამენტების, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და კომერციული სივრცეების მშენებლობას. ვრცელი ვიდეო რგოლი პრემიერმა გუშინ გამოაქვეყნა. აქცენტი კეთდება
პროექტის მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის დასაქმება, ტურიზმი,
ეკონომიკის და ბიუჯეტის ზრდა, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მმართველ გუნდში იმ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზეც საუბრობენ, რომელიც ინვესტიციის წინააღმდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს. უმრავლესობა ამბობს, რომ მათი მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ეს ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი მოცულობით და მნიშვნელობით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. აქედან გამომდინარე, საჭიროა მთავრობის მხრიდან გასაჯაროვდეს დოკუმენტაცია, რომელშიც წერია ყველაფერი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა სარგებელს იღებს ამაში, რადგან ამხელა მოცულობის მიწა სხვისდება", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.