17 აგვისტო 2026,   11:17
ვრცლად
სისხლის სამართლის ორი საქმე - ორმა თარიღმა და ორმა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ გიორგი გახარია შესაძლოა საპატიმრომდე მიიყვანოს

ქვეყნისგან შორს და ქვეყნის წინააღმდეგ - სისხლის სამართლის ორ საქმეზე ბრალდებული გიორგი გახარია ჯერ გერმანიის ბინადარი გახდა, შემდეგ კი "ჰერტის მმართველობის სკოლაში" დასაქმდა. რუსული განათლებით, მკვლევრის სტატუსი მოირგო და დავალებაც მიიღო - მოამზადოს კრიტიკული შეფასება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე. თავის მხრივ, გიორგი გახარიას დამსაქმებელი ის სკოლაა, რომელსაც მჭიდრო პარტნიორობა აქვს NED-თან - ორგანიზაციასთან, რომელიც დონალდ ტრამპის სამიზნე გახდა: ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების არამიზნობრივი ხარჯვის გამო, მას ამერიკის პრეზიდენტმა დაფინანსება შეუწყვიტა.

შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, პანკისის ხეობა, ჩორჩანა - დაკარგული მიწა, 20 ივნისი და წასვლა კრიზისის დროს - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახარიას იმ ნაბიჯებს იხსენებს, რომელიც, სოზარ სუბარის განცხადებით, მან, გარე ძალების დავალებით, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგა.

გახარიამდე, დაუსაქმებელი არც ყოფილი პრეზიდენტი დარჩენილა. კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილი "მაკკეინის ინსტიტუტის" კისინჯერის სტიპენდიატი გახდა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან რამდენიმე დღეში - ზუსტად ისე და იმ სცენარით, როგორც მიხეილ სააკაშვილი - ზურაბიშვილის წინის წინამორბედიც, ვადის ამოწურვის შემდეგ, "ტაფტის უნივერსიტეტში" დაასაქმეს. 

"მაკკეინის ინსტიტუტის", ქართული ოპოზიციისა და ზურაბიშვილის ხედვები არაერთხელ დაემთხვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მითად ქცეული ოპოზიციური ერთობა ზურაბიშვილს რეალობად უნდა ექცია. გარედან მიღებული დავალება ქვეყნის შიგნით ამ შემთხვევაშიც ჩავარდა.

პარლამენტის სპიკერის მოადგილე იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც საქართველოში უცხო ქვეყნის აგენტები მოქმედებენ. სოზარ სუბარის განცხადებით, მათი მიზანი ქვეყნის დაზიანება და სათავეში ისეთი ხელისუფლების მოყვანაა, რომელიც გარე ძალების ინტერესებს გაატარებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი მაშინ გახდა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში კი მეორე ფრონტის გახსნის სურვილი გაჩნდა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევენ. 2012 წლის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება სახელდება. ამ ფონზე, ხელისუფლება სამართლიან მიდგომებს ითხოვს და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. 10 დამაჯერებელი გამარჯვების ფონზე, ევრობიუროკრატების მხრიდან ხისტი განცხადებები მაინც ისმის, ეს კი იმ ადამიანების ხელით ხდება, რომლებსაც ხელისუფლება აგენტურაში ამხელს.

ყველაზე მეტი ბრალდება, არგუმენტების გარეშე, უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის - იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც არაერთ დანაშაულში ბრალდებული არაერთი ადამიანი მიიღო, დაასაქმა და დღემდე მფარველობს.

პრეზიდენტობიდან ოდესის ოლქის გუბერნატორობამდე - 2015 წელს, საქართველოს მოქალაქეობა სააკაშვილმა საკუთარი სურვილით დათმო და, სანაცვლოდ, კარიერას უკრაინული თანამდებობები შეჰმატა, 2021 წელს კი ქართული ენაც დაივიწყა - იმ ქვეყნის ენა, რომლის მთავარსარდალიც იყო და რომელშიც, წლების შემდეგ, არაჟნის კონტეინერით უკანონოდ შემოიპარა.

დანაშაულში გია ლორთქიფანიძე დაეხმარა - წინა ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში ბრალდებული იყო და რომელიც, ასევე, უკრაინაში დასაქმდა. ჯერ - ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, შემდეგ კი, ზელენსკის პრეზიდენტობისას, კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაწინაურდა. უკრაინაში სამსახური გაჩნდა ძებნილი ზურაბ ადეიშვილისთვისაც. პეტრო პოროშენკომ უსამსახუროდ არც ლევან ვარშალომიძე დატოვა, უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის თანამდებობა კი ხატია დეკანოიძეს ჩაბარდა. პირადად მიიღო უკრაინის პასპორტი პეტრო პოროშენკოსგან ეკა ზღულაძემ, ყოფილი მაღალჩინოსანი CV-ში ბევრ თანამდებობას იწერს, მათ შორის - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეობას. 2015-2018 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე კიდევ ერთი ქართველი, გია გეწაძე გახდა. 2015 წელსვე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე დაინიშნა. ამავე წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში დირექტორის მოადგილის პოსტი დაიკავა ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გიზო უგლავამ, 2022 წელს კი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გადავიდა.

უკრაინის მსგავსად, ზოგიერთ ქართველზე ფსონს ევროპული და ამერიკული ორგანიზაციებიც დებენ: მაგალითად, ასე დასაქმდა ყოფილი ნაციონალი სალომე სამადაშვილი; "მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის" თანამშრომელი გახდა ბათუ ქუთელია. 2017 წელს, ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ უსამსახუროდ არც ირაკლი ალასანია დატოვა...

სტატისტიკა მოწმობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ბრალდებულებს ყველაზე მეტად უკრაინის ხელისუფლება სწყალობს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ფილმი ბევრჯერ აქვთ ნანახი - საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება, ყოველი არჩევნების წინ. თუმცა, მათი თქმით, ამ სცენარში, "უკრაინული ოცნება", საქართველოში ვერც ერთხელ ახდა.

ყველას, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება აქვს განზრახული, "ქართული ოცნება" კანონსა და ქართველი ხალხის ნებას ახსენებს. ამბობენ, რომ იმ ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მიზნები, რომელსაც ხელისუფლება უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, გაშიფრულია. გაშიფრულია ის გარე ძალებიც, რომელიც, მმართველი გუნდის განცხადებით, ქვეყნის შიგნით საკუთარი ინტერესების გატარებას ოპოზიციის ხელით ცდილობს.

დღის ამბები