დავალება გაცემულია, მუშაობა დაწყებული - მთავრობა ახალი დოკუმენტის მომზადებას იწყებს, რომელმაც ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. სიახლე საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააცნო. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების ვადები დოკუმენტში ჩაიწერება.
სამომავლო საქმიანობის გზამკვლევი ყველა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ეკონომიკას, რომლის განვითარებაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ყოველდღიურად მზარდია, კონკრეტულმა გეგმამ და სტრატეგიამ ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი "ქართულმა ოცნებამ", საქართველოს კონსტიტუციით უკვე განსაზღვრა. მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, ქვეყნის პირველი დიპლომატი აქცენტს საქართველოს პოტენციალზე აკეთებს.
10 წლიანი სტრატეგიის შემუშავების დავალება მიიღო განათლების სამინისტრომაც. გივი მიქანაძე განმარტავს, რომ უწყება მზად არის წარადგინოს სქემა, თუ როგორ განვითარდება განათლების ყველა საფეხური მომდევნო წლების განმავლობაში.
ამბიციურია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმებიც. რევაზ სოხაძის განცხადებით, ისე როგორც დღეს, მომავალშიც, სამინისტროსა და მთავრობის მთავარი მიზანი იქნება, რომ მოქალაქეებმა ყველა სიკეთე საკუთარ თავზე იგრძნონ.
განახლებულ სტრატეგიაში განახლებული მიზნები ჩაიდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ახალ გზამკვლევში ყველა დარგის მიზანი მკაფიოდ იქნება გაწერილი.
დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნის მომავალი განვითარება დაეფუძნება, უახლოეს პერიოდში მომზადდება.