რიოს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარე ფაველებში, სადაც, ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების შტაბ-ბინებია განთავსებული, 2 500-ზე მეტი პოლიციელი და სპეცრაზმელი შეიჭრა, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, რეიდმა, რომელიც რიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო, ალემანუსა და პენჰას ფაველებში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს, სასტიკი სროლა გამოიწვია.
როგორც მედია იუწყება, "წითელი სარდლობის“ კრიმინალური დაჯგუფების ნარკოდილერები ცეცხლს ხსნიდნენ, ბარიკადებს აღმართავდნენ და მანქანებს წვავდნენ, როდესაც სამოქალაქო და სამხედრო პოლიციამ, ასევე სპეცრაზმმა, დილის 4 საათის შემდეგ დაიწყო რეიდი. როგორც ამბობენ, ბანდამ პირველად გამოიყენა შეიარაღებული დრონები სპეციალური დანიშნულების დანაყოფებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების დასაყრელად.
დაშავებულები დილით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შუადღისთვის კი, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი პოლიციელი. სროლის შედეგად, რვა პოლიციელი და ოთხი ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა.
რიოს მემარჯვენე გუბერნატორმა, კლაუდიო კასტრომ, ქალაქში "საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა და თქვა, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია 2010 წელს განხორციელებული ოპერაციის შემდეგ.