17 აგვისტო 2026,   11:39
ვრცლად
ხმაური, დაპირისპირება და სამართალდამცველების შეურაცხყოფა რუსთაველის გამზირზე - დაკავებები გზის გადაკეტვის მცდელობისთვის

ხმაური, დაპირისპირება და სამართალდამცველების შეურაცხყოფა - ვითარება რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა ისევ სცადეს.

სამართალდამცველების ამ და სხვა მრავალი გაფრთხილების, მათ შორის შსს-ს ოფიციალური განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეები, გზის სავალ ნაწილზე მაინც გადავიდნენ და საავტომობილო მიმოსვლა არაერთხელ შეაფერხეს. გზის გადაკეტვის მცდელობის გამო, პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა.

დაკავებულები სამართალდამცველებმა იზოლატორებში გადაიყვანეს. სასამართლომ, დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 10-ზე მეტი საქმე განიხილა და ძირითადად 3, 4, 6 და 14 დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

ქალს, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის დანაშაულს - ხულიგნობას ედავებიან. საგამოძიებო უწყების ცნობით, თამარ ლორთქიფანიძე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოწოდებას, შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს და ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლს. ის ადგილზევე დააკავეს.

ძალადობრივი ქმედებებისა და კანონის მიზანმიმართულად დარღვევის გამო, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ პასუხი უნდა აგოს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი, გარე აქტორებისგან დაფინანსებული და წახალისებულია, აქციის მონაწილეებს კი მხოლოდ მსხვერპლად სწირავენ.

აქტივისტი ქალის ქმედებას, სისხლის სამართლის დანაშაულად არ მიიჩნევს ნინო ლომჯარია. ყოფილი სახალხო დამცველი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც, აქციის მონაწილეებს კანონდარღვევისკენ მოუწოდებდა, თავად კი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, თვალს ტროტუარიდან ადევნებდა. ლომჯარიასგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში."

ლომჯარიასთან ერთად, პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს სახელისუფლებო გუნდი ყველას, ვინც კანონს მიზანმიმართულად არღვევს. პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები, აქტივისტების რადიკალურ ქმედებებს დაასრულებს.

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს ჯარიმის ნაცვლად, უკვე 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები