გადაწყვეტილება ისევ ვერ მიიღეს - ლუქსემბურგის შეხვედრაზე სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა დააყენეს, თუმცა წევრი სახელმწიფოები ვერც ერთზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იმ კონკრეტული ქვეყნების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ორმხრივი სარგებლიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას ზოგადად ბრიუსელიც შეიცვლის.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილებოდა, ლუქსემბურგშიც უშედეგოდ დასრულდა, ისევე როგორც მანამდე, ბრიუსელში. თუმცა შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები ძალაში ნოემბერში შევა, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კონკრეტულ ჯგუფებს უვიზო რეჟიმი გააუქმოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რადგან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების იდეას საკმარისი მხარდამჭერები არ ჰყავს, ბრიუსელი ახალ გზებს ეძებს, რომ საკითხი კვლავ შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა იმაზეც, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მიზანი გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის მსგავსი სანქციები უკვე მოქმედებს.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გააქტიურებული დისკუსია "ქართული ოცნების“ შეფასებით, სანქციებით შანტაჟის გაგრძელებაა, რომელსაც მორიგ უშედეგო მცდელობას უწოდებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატებისგან არც მსგავსი ინიციატივები უკვირთ და არც მათი დუმილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე.
ლუქსემბურგის მინისტრთა საბჭო მხოლოდ ვიზალიბერალიზაციაზე არ მსჯელობდა. ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზეც. „ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველ ხალხს“ - ეს მოწოდება ჰქონდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის გაფართოების კომისარს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის ნების მისაკუთრება უწოდა. სპიკერის განცხადებით, ბრიუსელის მაღალჩინოსნები ამ ტერმინში უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს და მარგინალიზებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გულისხმობენ, რომლებიც საქართველოს მთავრობას სწორედ "ევროპის", "დემოკრატიისა“ და "დასავლეთის“ სახელით ესხმიან თავს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ვინმეს უნდა გაიგოს, რეალურად რა სურს ქართველ ხალხს, თვალი უნდა გადაავლოს არჩევნების შედეგებს 2012 წლიდან დღემდე.