აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის შეხვედრა გამართეს. საუბარი შეეხო სავალუტო ფონდთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობას.
უახლოეს პერიოდში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიების ვიზიტებია დაგეგმილი. მანამდე კი, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან.
შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.