19 ივნისი 2026,   10:51
ვრცლად
ტრამპი-ზელენსკის მორიგი შეხვედრა - რა შედეგით დასრულდება თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის მესამე ვიზიტი

ვაშინგტონი, დანიშნულების ადგილი თეთრი სახლი, თუმცა, ამჯერად მარტო, ევროპელი პარტნიორების გარეშე - ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მესამედ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში უცვლელი მისიით ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან სამხედრო დახმარების მიღებისა და ევროპის კონტინენტზე 3 წლიანი ომის დასრულების საკითხები უნდა განიხილოს.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელი პარტნიორების ნაწილს ხელი უკვე ჩამოართვა, ამის შემდეგ ოვალურ კაბინეტში გადაინაცვლა და ტრამპთან დიალოგს მართავს, თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, თეთრი სახლის ლიდერთან ზარი კრემლიდან შევიდა. პუტინთან ტრამპის სატელეფონო კომუნიკაცია 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და რიგით მეორე პირისპირი შეხვედრაც დათქვეს. დაზუსტდა, რომ უახლოეს 2 კვირაში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკის შემდეგ ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქში შეხვდებიან.

დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანი, რომელმაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს პირადად უნდა უმასპინძლოს, ამბობს, რომ შეხვედრის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე შეიქმნა. კონსერვატორი პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ბუდაპეშტი, უკრაინისთვის ისტორიულ პროცესში გადამწყვეტ როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს, რაც ევროპის კონტინენტზე ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევით გამოიხატება.

ინფორმაციას, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, კრემლიც ადასტურებს. საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ამბობს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი სამიტის ორგანიზებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებამდე კი, ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდება ცნობილი, რას მიიღებს კიევი ვაშინგტონისგან - ტომაჰოვკის ტიპის რაკეტებს თუ მორიგ დაპირებას მშვიდობის უმოკლეს დროში მიღწევის შესახებ.

დღის ამბები