13 ივნისი 2026,   18:41
ვრცლად
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბრალდების მხარისთვის უმკაცრესი სასჯელი უვადო პატიმრობაა

გახმაურებული მკვლელობის საქმის პროკურორმა სასამართლოზე დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა. პროცესის დასრულების შემდეგ კი, გელა უძილაურის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულები კიდევ ერთხელ შეაჯამა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება და საბოლოოდ დადასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძე ანგარებით ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.

უმკაცრესი სასჯელი ბრალდების მხარისთვის, უვადო პატიმრობაა. პროკურორის დასკვნით სიტყვას დარბაზში გელა უძილაურიც ისმენდა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებულს პროცესზე დღეს არაფერი უთქვამს. თუმცა სათქმელი მან 2 დღის წინ თქვა, მაშინ, როდესაც "დუმილი დაარღვია" და მკვლელობა აღიარა. სასამართლოს არწმუნებდა, რომ დანაშაული არა ანგარებით ან შეკვეთით, არამედ პირადი შურისძიებით ჩაიდინა.

გელა უძილაურის ჩვენებაზე ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაშიც გაამახვილა ყურადღება. პროკურორის თქმით, დუმილის შემდეგ ალაპარაკებულმა ბრალდებულმა იცრუა.

დასკვნითი სიტყვის სათქმელად ახლა უძილაურის დაცვის მხარე ემზადება. სხდომა 24 ოქტომბერსაა დანიშნული. ინტერესების დამცველის თქმით, ლევან ჯანგველაძის ანგარებით და შეკვეთით მკვლელობას მოპოვებული მტკიცებულებები არ ადასტურებს.

დაზარალებული მხარე კი დარწმუნებულია, რომ გელა უძილაურმა დაკვეთა შეასრულა. საქალაქო სასამართლოში დღეს ლევან ჯანგველაძის ახლობლები იმყოფებოდნენ.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე მრავალტომიანია, რომელშიც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დევს.

ბიზნესმენს მაშინ ესროლეს, როდესაც ის ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა. ლევან ჯანგველაძე ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობისთვის პოლიციამ გელა უძილაური ცხელ კავზე დააკავა. გახმაურებულ საქმეზე ამ ეტაპზე სულ 5 პირია დაკავებული, ორზე - დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე, ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები