საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, ჟენევასთან ახლოს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - ცერნის ლაბორატორიაში ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. რა მოხდა უხსოვარ დროში და როგორ გაჩნდა მატერია? სამყაროში, ერთი შეხედვით, თითქოს კანონზომიერებაა და ამ კანონზომიერების შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ბევრი რამ მაინც გამოცანად რჩება.
ეს არის ადგილი, სადაც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, როცა ლაბორატორიამ ჰიგსის "ღვთიური" ნაწილაკი აღმოაჩინა. ჰიგსის ბოზონი - ნაწილაკი, რომელიც ყველას და ყველაფერს "აცოცხლებს".
ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კოლაიდერში, დაახლოებით სინათლის სიჩქარით, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, უნდა აეჩქარებინათ მატერიის ფუნდამენტური ნაწილაკები (პროტონები), რომლებიც ერთმანეთს დაეჯახებოდნენ, შემდეგ კი დაჯახებისას წარმოქმნილი უმცირესზე უმცირესი ნაწილაკებით გაეგოთ, რისგან ან როგორ წარმოიშვა სამყარო.
ამ ნაწილაკის შესაძლო არსებობას მხცოვანი შოტლანდიელი მეცნიერი პიტერ ჰიგსი ჯერ კიდევ 40 წლის წინ ვარაუდობდა. როცა ცერნში, ჟენევის კონფერენციაზე აღმოჩენის შესახებ გამოაცხადეს, სპეციალურად მიწვეულ 83 წლის ჰიგსს ცრემლები წამოუვიდა.
"ღვთიური" ნაწილაკის აღმოჩენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. ამისთვის 1954 წელს შვეიცარიაში ბირთვული ფიზიკის გიგანტური მიწისქვეშა ლაბორატორია შეიქმნა, რომელშიც, პროცესზე დასაკვირვებლად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგიის მქონე კოლაიდერი დაამონტაჟეს. მუშაობას შეუდგა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის რამდენიმე ასეული ფიზიკოსი, მათ შორის იყვნენ ქართველებიც.
ლაბორატორიის შენობის ნაწილი შვეიცარიაშია, ნაწილი – საფრანგეთში. ცერნში 85 ქვეყნის 3500 მეცნიერი მუშაობს, როგორც პირდაპირი თანამშრომელი. ამას ემატება ათასობით ფიზიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე - მიწვეული სპეციალისტები. ისინი მიწისქვეშა გვირაბში ფიზიკურ პროცესებს ყოველდღიურად აკვირდებიან.
ბირთვული კვლევების გიგანტური ლაბორატორიის კარი "კურიერი P.S.-ისთვის" გაიღო - დავაკვირდით, როგორ მუშაობენ იქ ჩასული ფიზიკოსები. ვესაუბრეთ იმ მეცნიერებსაც, რომლებიც სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოს ახსნას და მის დამტკიცებას მეცნიერების ენაზე ცდილობენ.
ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში ქართველი მეცნიერების ექსპერიმენტებს დედამიწის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეში ატარებენ. იკვლევენ ნივთიერების იმ მდგომარეობას, რომელიც სამყაროს წარმოქმნისას, დიდი აფეთქების შემდეგ უნდა არსებულიყო.
ყოველწლიურად, ცერნში დაახლოებით 40-50 ქართველი მეცნიერი მუშაობს.
2023 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორიას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს. დოკუმენტი მოიცავს განათლების, ტრენინგისა და ტექნოლოგიების დარგში ცოდნის ურთიერთგაცვლას. ცერნის ახლად არჩეულმა ხელმძღვანელებმა ლაბორატორიაში ქართლი დელეგაცია მიიწვიეს. ბირთვულ ლაბორატორიაში IT უზრუნველყოფის პროცესში სწორედ ქართველი ინჟინრები არიან ძალიან აქტიურად ჩართულნი. ცერნში ახლა ქართველ ახალგაზრდებს ელოდებიან.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ჩვენი პლანეტის აგებულების მხოლოდ 5 პროცენტი ვიცით და იმ დაფარული ცოდნის აღსადგენად მეცნიერები დროში მოგზაურობას ყველაზე დიდი ბირთვული ლაბორატორიის ლაბირინთებში ცდილობენ.